ჯორჯ ბულის შესახებ…
1815 წლის 2 ნოემბერს ინგლისის აღმოსავლეთით განთავსებულ ქალაქ ლინკოლნში, ღარიბი ვაჭრისა და მეწაღის – ჯონ ბულის ოჯახში ქვეყნიერებას მოევლინა გენიალური ინგლისელი მათემატიკოსი და ლოგიკოსი - ჯორჯ ბული. (ავტორი გენია.ჯი) იგი ოჯახის ნანინანატრი შვილი იყო. ჯონისა და მის მეუღლეს – მერის, უკვე ყოველგვარი იმედი ჰქონდათ გადაწურული იმისა, რომ ოდესმე შვილი ეყოლებოდათ. თუმცა მათი სკეპტიციზმი რამდენიმე ხანში ვაჟის დაბადებამ დაამსხვრია. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ სწორედ ჯონისა და მერის ნანინანატრი ვაჟის შესაშური ნიჭის წყალობით გაჩნდა ამ ქვეყნად „ლოგიკის ალგებრა”, რომელიც თავის მხრივ, ფუნდამენტური ღერძია ყოველი ციფრული კომპიუტერისა. საყურადღებოა ისიც, რომ მიუხედავად სუსტი ჯანმრთელობისა, მათემატიკური ლოგიკის ფუძემდებელი მეცნიერების მოყვარულმა მამამ სულ რაღაც ორიოდე წლის ასაკში მაინც მიიყვანა სკოლაში. ეს იყო სკოლა, რომელიც სპეციალურად ვაჭართა შვილებისთვის იყო გახსნილი. ჯონ ბული, როგორც ავღნიშნეთ, მეცნიერების მოყვარული კაცი იყო, მაგრამ დროის უქონლობის გამო, საკმარის დროს ვერ უთმობდა მას. სამაგიეროდ, ცდილობდა, რომ მეცნიერებისათვის გაცილებით დიდი დრო მის საყვარელს ვაჟს დაეთმო. ვაჭართა შვილებისათვის გახსნილი სკოლის საუკეთესო მოსწავლემ 7 წლის ასაკში სწავლა კომერციულ სკოლაში განაგრძო. კომერციულ სკოლაში სწავლის საფასურის გადახდა ღარიბი მეწაღის ოჯახს არ ძალუძდა, თუმცა შეღავათი ამ საქმეში იმავე კომერციული სკოლის დირექტორმა, მამამისის მეგობარმა გაუწია. გენიალურ ბავშვს გენიალურივე უცნაურობები ახასიათებდა. ასე მაგალითად: ერთ დღეს ჯორჯი სკოლაში არ გამოცხადდა. მთელი ქალაქის მასშტაბით ჩატარებული ძებნის შემდეგ ბავშვს ერთ-ერთ ქუჩაზე მიაგნეს და გაოცებულიც დარჩნენ: დიდებული ლოგიკის მქონე პატარა ჯორჯი შეუცდომლად წარმოთვამდა ურთულესად წარმოსათქმელ სიტყვებს, რაშიც აღფრთოვანებული ხალხი, რომელიც ქუჩაში გარს ეხვია, ფულს ესროდა. 12 წლის ასაკში მყოფი ჯორჯი ბრწყინვალედ ფლობდა ლათინურ ენას. შემდგომში ასევე დაეუფლა ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და ბერძნულ ენებსაც. მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში, გენიალურ ბავშვს მაინც იმ სკოლაში მოუხდა სწავლის დამთავრება, რომელიც ღარიბთა შვილებისთვის იყო განკუთვნილი. 16 წლის ყმაწვილმა ერთ-ერთი სოფლის სკოლაში პედაგოგად დაიწყო მუშაობა. 20 წლის ასაკში კი, თავადვე დააარსა საკუთარი სკოლა მშობლიურ ქალაქ ლინკოლნში.
თავდაპირველად, ჯორჯ ბულს სასულიერო გზაზე უნდოდა შედგომა, მერე პოეტობაც სცადა. და არა მარტო სცადა, მეცნიერება უგულებელყო და ლექსების წერაზე გადავიდა. ამ გარემოებამ ძალაინ შეაშფოთა ჯორჯის გონიერი მეუღლე – მერი ევერესტი. ქალმა კარგად უწყოდა ქმრის გონებრივი შესაძლებლობები და ამიტომაც ცდილობდა ჯორჯი კვლავაც მეცნიერებისაკენ შემოებრუნებინა. როდესაც მერი ვერაფერს გახდა, იგი იძულებული შეიქნა ქმრის თვალწინ წაეკიდებინა ცეცხლი და დაეწვა ჯორჯის პოეტური ქმნილებები. ამ მოვლენამ თვითნასწავლი გენიოსი პოეზიას საბოლოოდ ჩამოაშორა. სულ მალე კი, ჯორჯ ბულმა მეცნიერთა სამყაროს დაუმტკიცა, რომ ლოგიკა არის მეცნიერება, რომელიც გაცილებით ახლოსაა მათემატიკასთან, ვიდრე ფილოსოფიასთან.
ჯორჯ ბულის, რომელიც სულ რაღაც 49 წლის ასაკში პნევმონიის შედეგად გარდაიცვალა, ხუთი ქალიშვილი ჰყავდა. მათ შორის ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენდა საყოველთაოდ ცნობილი მწერალი ქალი – ეთელ ლილიან ვოინიჩი. ავტორი ისეთი სახელგანთქმული რომანისა, როგორიც გახლავთ – „კრაზანა”. – (ავტორი გენია.ჯი)