რობერტ ფიცროის შესახებ…
როგორც ცნობილია, გამოჩენილმა ინგლისელმა მეტეოროლოგმა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერმა – რობერტ ფიცროიმ (1805-1865 წლები), რომლის სახელთანაც ასოცირდება ინგლისურ ჟურნალ – „თაიმსში” 1861 წელს გამოქვეყნებული პირველი ნამდვილი ამინდის პროგნოზი, სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი) ოფიციალური ვერსიის თანახმად, ფიცროი, თვითვმკვლელობამდე, უკიდურესად შრომატევადი სამუშაო გრაფიკიდან გამოწვეულმა „ქრონიკულმა გადაღლილობამ” მიიყვანა. მეტეოროლოგის გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე მისი მეუღლე წერდა: „ის ყოველთვის ნერვულ მდგომარეობაშია. როგორც კი შედარებით გამოკეთდება, მეტეოროლოგიის დეპარტამენტში მიიჩქარის. დარწმუნებულია, რომ მას ნამდვილი მუშაობა უკვე აღარ შეუძლია”. მას შემდეგ, რაც 59 წლის ასაკში მყოფ ფიცროის გაუთვითცნობიერებია, რომ მეტეოროლოგიის დეპარტამენტში მუშაობას ვეღარ განაგრძობდა, სასოწარკვეთილს, ყელის არეში სამართებლის დასმით – სიცოცხლე მოუსწრაფებია.
…აქვე, მკითხველო, ერთ პატარა ლირიულ გადახვევასაც გავაკეთებ, თქვენის ნებართვით: ამინდის პროგნოზი – იმთავითვე წარმოადგენდა ადამიანის განსაკუთრებული ინტერესის საგანს. ამბობენ, რომ XVII საუკუნის ინგლისში ამინდის პროგნოზირების დროს დაშვებული შეცდომის გამო ადამიანებს სიკვდილითაც სჯიდნენო, თუმცა დღემდე ვერ იქნა აღმოჩენილი ვერც ერთი იმ მეტეოროლოგის სახელი, ვინც ზემოაღნიშნული დანაშაულის გამო მოაკვდინეს ძალადობრივად. ამბობენ იმასაც, რომ, შეცდომის დაშვების შემთხვევაში, იმ პერიოდის ინგლისში ჯარიმებს ახდევინებდნენ ამინდის წინასწარმეტყველებსო…
პირველი ნამდვილი ამინდის პროგნოზის გამომქვეყნებელი მეტეოროლოგის თვითმკვლელობის მიზეზად მეორე, არაოფიციალური და როგორც ამბობენ, ყველაზე სანდო ვერსიაც არის გავრცელებული. ტრაგიკულ აღსასრულამდე რამოდენიმე ხნით ადრე, რობერტმა რამდენიმეჯერ არასწორად იწინასწარმეტყველა მომავალი ამინდის პროგნოზი, რამაც მისდა უნებურად და მისდა სავალალოდ, ძალიან ცუდი შედეგები გამოიწვია. უამინდობებმა განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობა დააზარალა. თუმცა, სტიქიამ ქალაქების მოსახლეობასაც გაუჩინა უამრავი თავსატეხი. ყველა ამ შემთხვევაში მოსახლეობამ ბრალი დასდო ფიცროის. მოქალაქეები ამტკიცებდნენ, რომ ისინი რობერტის მიერ ნაწინასწარმეტყველები ამინდის პროგნოზის ნდობამ დაღუპა. შედეგად, ინგლისელ მეტეოროლოგს უამრავი კრიტიკა დაატყდა თავს. უზარმაზარი კრიტიკის ტალღებმა თავმოყვარე ფიცროი ჯერ საშინელ დეპრესიამდე მიიყვანა, შემდეგ უკიდურეს სასოწარკვეთილებამდე და ბოლოს თვითმკვლელობამდე…
„ასტროლოგია და გეოლოგია დამაჯერებლად ადასტურებს ძველი აღთქმის ღვთაებრივ მადლმოსილებასო”, – წერდა თავის დროზე ტრაგიკული ხვედრის მქონე მეტეოროლოგი – რობერტ ფიცროი. – (ავტორი გენია.ჯი)