სემუელ ლუკ ფილდსი – „ექიმი”
„ექიმი” – წარმოადგენს გენიალური ინგლისელი მხატვარ-ილუსტრატორის – სემუელ ლუკ ფილდსის (1844-1927 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ სოციალური რეალიზმის ჟანრის შემცველ შედევრ-ტილოს. (ავტორი გენია.ჯი) სურათის სიმაღლე 166 სანტიმეტრია, ხოლო სიგანე – 242 სანტიმეტრი. ავტორმა მასზე მუშაობა 1891 წელს დაიწყო ცნობილი ბრიტანელი ფილანთროპის – ჰენრი ტეიტის მიერ 1890 წელს მიცემული შეკვეთის საფუძველზე და იმავე წელს დაასრულა. სახელგანთქმულ შემკვეთს სურდა, რომ ფილდსის სურათი ბრიტანული ხელოვნების ეროვნულ გალერეაში გამოეფინა. იმ გალერეაში, რომელსაც შემდგომ თვით ჰენრი ტეიტის სახელი ეწოდა. მხატვრისათვის რაც მთავარი იყო, იყო ის, რომ შემკვეთმა მას სურათის თემის არჩევის თავისუფლება მიანიჭა. გარდა ამისა, ფილდსმა გასამრჯელოდ ტეიტისაგან იმ პერიოდისათვის საკმაოდ სოლიდური თანხა – 3 000 გირვანქა-სტერლინგი მიიღო. მაგრამ უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ ავტორი უკმაყოფილო დარჩა გასამრჯელოს რაოდენობით. იგი შენიშნავდა, რომ ასეთი ნაწარმოებისათვის ესოდენ მცირე თანხა ნამდვილად შეუფერებელია იმის ფონზე, როცა ერთი პორტრეტის დახატვაში გაცილებით მეტს ვიღებო.
მეორე ვერსიის თანახმად, ფილდს შეკვეთა დედოფალმა ვიქტორიამ მისცა, რათა ამ გზით უკვდავეყო ხსოვნაში თავისი პირადი ექიმი – სერ ჯეიმზ კლარკი. თუმცა ამ ვერსიას ნაკლებ დამაჯერებლად მიიჩნევენ სპეციალისტები.
სემუელმა სურათზე მუშაობა ლონდონის სტუდიაში დაიწყო. სტუდიის ინტერიერი ხელოვანმა კარდინალურად შეცვალა. მან იგი უამრავი დეტალის ჩამატებით ღარიბი მუშის სახლად აქცია, რათა უფრო თვალნათლივ აესახა და უფრო მეტი დრამატიზმი მიეცა სურათის სიუჟეტისათვის.
იდეა, რაც ფილდს შეკვეთისთანავე მოუვიდა გონებაში, იყო ის, რომ მას ტილოზე გადმოეცა მხატვრის ცხოვრებაში მომხდარი ერთ-ერთი უდიდესი ტრაგიკული შემთხვევა. პირველი შვილი სემუელმა, საუბედუროდ, ერთი წლის ასაკში დაკარგა ტიფის შედეგად. ეს მოხდა 1877 წლის ქრისტეშობის დილას. სწორედ მაშინ გადაწყვიტა მხატვარმა სურათზე აღებეჭდა თავისი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკული მოვლენა. მან გენიალურად გამოსახა არა მხოლოდ ავადმყოფი ბავშვის – ფილიპეს მშობლების, არამედ ექიმი მიურეს სასოწარკვეთილი განცდებიც. (ავტორი გენია.ჯი) ეს ის მკურნალი ექიმი იყო, რომელმაც უკანასკნელად მოინახულა ტიფის საშინელი სენით დაავადებული მომაკვდავი პატარა პაციენტი. მისი სახე მრავლისმეტყველ ღრმა მწუხარებას აქვს მოცული. ვიქტორიანული ხანის ექიმი ჩაფიქრებული უზის თავთან კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ფილიპეს. მისი ძალა და პროფესიონალიზმი უძლურია რაიმე უშველოს მომაკვდავ პატარას, რაც დიდბულადაა აღბეჭდილი კიდეც მის სახეზე. ტრაგიზმს კიდევ უფრო ამძაფრებს ტილოზე წარმოდგენილი უკიდურესი სიღატაკე. ოჯახს იმის საშუალებაც კი არა აქვს, აგონიაში მყოფი ბავშვი საწოლში ადამიანურად დააწვინოს, რის გამოც პატარა ფილიპი ორ ერთმანეთთან შეერთებულ სკამზე დააწვინეს. ბავშვის შეშფოთებული მამის უკან, მაგიდაზე დამხობილი სასოწარკვეთილი დედის ფიგურაა გამოსახული.
სემუელმა სურათზე მუშაობის პროცესში მოდელებად საკუთარი ოჯახის წევრები გამოიყენა. მათ შორის, პატარა პაციენტის განმსახიერებლად – თავისი ქალიშვილიც. ექსპერტების მტკიცებით, სურათზე გამოსახულ ექიმ მიურეში ადვილი ამოსაცნობია თავად ავტორი.
სემუელ ლუკ ფილდსის მიერ დახატული შედევრი-ტილო – „ექიმი”, პირველად 1891 წელს გამოფენილი და იმთავითვე დიდი ყურადღება მიიქცია სახვითი ხელოვნების მოყვარულებში. აღნიშნულმა სურათმა აღფრთოვანა მრავალი მნახველი. ცნობილი ფაქტია: ერთი დამთვალიერებელი ისე შეძრა ფილდსის მიერ ტილოზე გამოსახულმა ტრაგიზმმა, რომ იგი სურათის დათვალიერების პროცესში, ადგილზევე გარდაიცვალა.
დღესდღეობით, სემუელ ლუკ ფილდსის ტილო – „ექიმი”, დაცულია ლონდონში განთავსებულ ტეიტის გალერეაში. – (ავტორი გენია.ჯი)
სემუელ ლუკ ფილდსი