ჯავშნოსნები – „ეპიზოდი”
ამერიკული არასრულკბილიანების რიგის ძუძუმწოვარა ცხოველი - ჯავშნოსანი, რომლის გავრცელების არეალებია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიებზე არსებული უდაბნოები, სტეპები, სავანები და ტყეები, ერთობ ამაზრზენი საკვები მენიუთი გამოირჩევა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია, რომ ისინი ძირითადად ხილითა და ბოსტნეულით იკვებებიან. თუ ჯავშნოსანმა ხილი და ბოსტნეული ვერ იშოვა, ჩიტის ბუდეებს ესხმის თავს და ბარტყებსა და კვერცხებს ჭამს. გარდა ამისა, ღამეული ცხოვრების მოყვარული ცხოველები იკვებებიან ქვეწარმავლებითაც, თუ სადმე გადააწყდნენ მათ. თუმცა, ყველაზე მეტად, რაც ჯავშნოსანის გემოვნებას იზიდავს, დამპალი ან ნახევრად დამპალი ლეშის „სურნელოვანი წვნიანია”. ეს უსაზიზღრესი საკვები იმდენად იზიდავს მას, როგორც რკინა მაგნიტს. მაგალითად, არგენტინაში, სადაც ვრცელი საძოვრებია, საქონლის ჯოგი კი აურაცხელი, ხშირად ხდება, რომ ბებერი ან ავადმყოფი საქონელი კვდება, მისი ლეში კი შეუმჩნევლად გდია ბალახებში; მზეზე ის მალე იხრწნება, მისი სუნი კი დიდ მანძილზე ვრცელდება. ეს სუნი კი განსაკუთრებით იზიდავს ჯავშნოსანს, რომელიც დაუყონებლივ მიემართება ლეშის მოსაძებნად. როდესაც იპოვის და კარგად გამოძღება, ლეშის ქვეშ იკეთებს სოროს, სადაც მანამდე რჩება, ვიდრე უკანასკნელ ხორცის ნაჭერს არ შემოაცლის გათეთრებულ ძვლებს. მხოლოდ ამის შემდგომ უბრუნდება გამაძღარი ჯავშნოსანი თავის სოროს, სადაც იგი კვლავაც მოთმინებით უწყებს ლოდინს „ბედნიერ შემთხვევას”. – (ავტორი გენია.ჯი)