რატომ აქვს „წითელი ცხვირი” ჯამბაზს?!
პასუხი იმისა, თუ რატომ წარმოადგენს ჯამბაზებისათვის დამახასიეთებელ ერთ-ერთ შტრიხს – წითელი ცხვირი, ისტორიის სიღრმეებში უნდა ვეძიოთ. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ კი, იმ კლოუნადაში, რომელსაც ინგლისელი მეწარმე, გამომგონებელი და ცირკის მეპატრონე – ფილიპ ასთლეი (1742-1814 წლები) აწყობდა თავისთვის. „თანამედროვე ცირკის მამად” წოდებულ ასთლეის კლოუნადა რომ მოეწყო, სპეციალურად ქირაობდა ხალხს, რომელთაც მიუხედავად დილეტანტიზმისა, სთხოვდა შეესრულებინათ ესა თუ ის რთული საცირკო ილეთი. თავის მხრივ კი, დაქირავებული ხალხის მიერ დილეტანტურ დონეზე შესრულებული საცირკო ტრიუკები ძალიან სასაცილო საყურებელი იყო. რთული საცირკო ტრიუკების შესრულებას, რომელთა გაკეთებასაც ფილიპი მოითხოვდა დაქირავებულთაგან, არაერთხელ ჩაუყენებია დასაქმების მსურველი თავმოყვარე ადამიანები უხერხულში. ამის შედეგი იყო ის, რომ ასთლეის, რაც დრო გადიოდა, მით უფრო უჭირდა ადამიანების დაქირავება. ფხიზელ გონებაზე მყოფნი ფილიპის მიერ მოთხოვნილ საცირკო ტრიუკს ფულის სანაცვლოდაც კი აღარ აკეთებდნენ. ამიტომაც, მოხალისეებმა ერთი მარტივი გზა გამონახეს ფულის შოვნისა: ისინი ასთლეისთან მთვრალ მდგომარეობაში ცხადდებოდნენ სამუშაოს მისაღებად. სიმთვრალეში კი, რაოდენ თამამი და ხშირად, უგუნურია ადამიანი, ყველასათვის ცნობილი ფაქტია. შესაბამისად, ისინი აღარც ერიდებოდნენ მათთვის უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნას. ალკოჰოლი ადამიანის ორგანიზმსა და მის სისხლზე განსაკუთრებით მოქმედებს. სისხლძარღვებისა და კაპილარების გაფართოება და შევიწროება, რომლებიც გამოწვეულია ორგანიზმის შეხურებით, ცხვირის გაწითლებას ახდენს. ალკოჰოლური სასმელების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ცხვირწითელა დაქირავებულების მიერ უხერხულად შესრულებული ტრიუკების ცქერა კიდევ უფრო სახალისო და მიმზიდველი გახდა ასთლეისათვის. „წითელი ცხვირი” კი, რომელიც „სასაცილო ადამიანთან” ასოცირდება დღემდე, ერთ-ერთი უცილობელად დამახასიათებელი შტრიხი გახდა ჯამბაზისათვის. – (ავტორი გენია.ჯი)
ფილიპ ასთლეი