თაფლის ისტორია
დღეისათვის სწავლულები უკვე დარწმუნებული არიან იმაში, რომ პირველყოფილმა ადამიანმა ველური ფუტკრების სკებზე ნადირობა თაფლის გამო, ჯერ კიდევ კაცობრიობის განვითარების უძველეს კულტურულ-ისტორიულ პერიოდში – ქვის ხანაში დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) როგორც მეცნიერები ამბობენ, ადამიანს ამის უნარი მისი შორეული წინაპრიდან – უმაღლესი პრიმატებიდან გადაეცა. რაც შეეხება უტყუარად დადასტურებულ ფაქტს: ვალენსიის სიახლოვეს განთავსებულ არანის მღვიმეში (ესპანეთი) არქეოლოგებმა აღმოაჩინეს კლდეზე გამოსახული უნიკალური ნახატები (ზემოთ განთავსებული სურათი), რომლებზედაც ასახულია, თუ როგორ მოიპოვებენ ველური ფუტკრის გარემოცვაში მყოფი ადამიანები სკებიდან თაფლს. რადიოკარბონული ანალიზის შედეგად სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ამ უნიკალური ნახატის ასაკი 7 – 8 ათას წლებს შორის მერყეობს.
ფუტკრები და თაფლი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ჰყავდა მოქცეული ეგვიპტის ფარაონებს. გარდა ამისა, ამ უძველეს ქვეყანაში თაფლი მჭიდროდ იყო დაკავშირებული სიკვდილის რიტუალთანაც, რადგან მას ქურუმები ერთ-ერთ ინგრედიენტად მოიხმარდნენ ცხედრის მუმიფიცირების დროს. იმ პერიოდებში ეგვიპტის ბაზრებზე თაფლის შეძენა ძალიან ძვირი სიამოვნება იყო. ამიტომაც, ფარაონის ქვეყნის მდიდარი მოქალაქეები თაფლსა და ნექტარს ბაზარში ყიდულობდნენ, ხოლო ღარიბები კი იძულებული იყვნენ ველურ ბუნებაში თავადვე მოეპოვებინათ იგი.
ისტორია მოწმობს, რომ ფუტკრის ჩვევების შესწავლა პირველად ძველმა ბერძნებმა დაიწყეს ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით 400 წელს. შესაბამისად, ისინი პირველები იყვნენ, ვინც მათი გაწვრთნის შესახებ დაფიქრდა. მაგალითად, გენიალურმა ძველ ბერძენმა სწავლულმა – ქსენოფონტმა აღნიშნულ საკითხს შესანიშნავი ტრაქტატი მიუძღვნა. ეს იყო ინფორმაციულად ძალიან მდიდარი ნაშრომი, რომელიც დღემდე იმსახურებს დიდ ქებას.
გარდა ქსენოფონტისა, ფუტკრის სამყაროს შესწავლით დაკავებული იყო ასევე – არისტოტელეც. (ავტორი გენია.ჯი) თუკი ისტორიულ წყაროებს ვერწმუნებით, ამ უდიდეს მოაზროვნეს მოშინაურებული ფუტკრების სკებიც კი ჰქონია. თუმცა არისტოტელეს სკები დიდად განსხვავდებოდა თანამედროვე სკებისაგან. ბერძენებმა პირველებმა გამოავლინეს საოცარი უნარი ველური ფუტკრების მოშინაურებისა, რითაც სმაუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი – „ღაფლის ისტორიაში”.
რომის სამართალი თაფლსა და ფუტკარს კანონის ძალით იცავდა. არავის ჰქონდა უფლება მოეპარა, დაეზიანებინა ან გაენადგურებინა ვისიმე სკა. და მითუმეტეს არ ჰქონდა უფლება თაფლი და ფიჭი უნებართვოდ წაეღო. თუმცა იყო ერთადერთი გამონაკლისიც, რომელსაც რომაული სამართალი უშვებდა: ეს იყო პერიოდი, როდესაც მუშა ფუტკრები ტოვებდნენ თავიანთ ოჯახებს და ჰქმნიდნენ ახალ კოლონიას. ამ შემთხვევაში ფუტკრების ახალი კოლონია არავის საკუთრებად აღარ მიიჩნეოდა და ნებისმიერ მეფუტკრეს შეეძლო მისი დაუფლება. თაფლს რომაელები ხშირად გამოიყენებდნენ კერძების, სამედიცინო პრეპარატებისა და არომატული საშუალებების დასამზადებლად. მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ რომ „მარადიული ქალაქის” ბაზარზე თაფლი ძალიან ძვირ პროდუქტს წარმოადგენდა. რომის ისტორიაში ისეთი პერიოდიც ყოფილა, როცა თაფლს დამატებითი ვალუტის ფუნქციაც უტარებია. თაფლის გარკვეული რაოდენობით შესაძლებელი იყო სამშენებლო მასალების, მონებისა და სხვადასხვა სახის პროდუქტის შეძენა.
ინდოეთში თაფლის მოხმარება 4 – 5 000 წლის წინათ დაიწყეს, რასაც ძველი ინდური ვედების ტექსტები ადასტურებს. ინდოელები მიიჩნევდნენ, რომ თაფლი ღმერთის მიერ კაცთა მოდგმისათვის უანგაროდ ნაბოძები ყველაზე ფასეული და სასარგებლო საგანძური იყო. ამიტომაც ასოცირდებოდა ინდოელთა ოჯახებში თაფლი წარმატებასა და ჯანმრთელობასთან.
ფუტკრებსა და თაფლს ჩინეთში იმთავითვე უდიდესი დანიშნულება გააჩნდათ. თაფლისაგან ჩინელი ფარმაკოლოგები ამზადებდნენ წამლებს, რის გამოც მან ფართოდ დაიმკვიდრა ადგილი ძველ ჩინურ სახალხო მედიცინაში. მედიკოსები ამ უნიკალურ პროდუქტს ელენთისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების განსაკურნებელ უებარ საშუალებად ასახელებდნენ და რეკომენდაციას უწევდნენ მას.
ეგვიპტელი ფარაონების, რომაელი კეისრებისა და ჩინელი იმპერატორების მსგავსად, თაფლის სიყვარულით იაპონელი იმპერატორებიც გამოირჩეოდნენე. „ამომავალი მზის ქვეყანაში” თაფლი გამოიყენებოდა არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ მედიცინაშიც. იაპონიის კლიმატი არ ჰქმნის შესაფერის პირობებს ფუტკრების გამრავლებისა და თაფლის წარმოებისათვის, მაგრამ თავადვე „ფუტკარივით” მშრომელმა ხალხმა უდიდესი ძალისხმევის შედეგად მაინც განავითარა ქვეყანაში მეფუტკრეობის გასაოცარი, შეიძლება ითქვას, ზღაპრული დარგი. დღეს იაპონია მესამე ადგილზე იმყოფება მსოფლიოში თაფლის ექსპორტით.
ფუტკარი და თაფლი ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა ინდიელებში, რომლებიც ნექტარს ღვთაებრივი წარმომავლობის პროდუქტად მიიჩნევდნენ. ამიტომაც სწამდათ ინდიელებს თაფლის სასწაული ძალის.
მკვლევართა დიდი ნაწილი ფუტკრისა და თაფლის სამშობლოდ აფრიკის კონტინენტს მიიჩნევს. ამის დასტურად კი მოჰყავთ ის გარემოება, რომ ფუტკრების პირველი სახეობა – მეთაფლია ფუტკრები პირველად აფრიკის კონტინენტზე გამოჩნდნენ.
შუა საუკუნეების ევროპაში, სადაც თაფლის ფასი ოქროს ფასს უთანაბრდებოდა, ამ უნიკალური პროდუქტის წარმოების უფლებით მხოლოდ არისტოკრატია და ეკლესია სარგებლობდა.
დროთა განმავლობაში მეფუტკრეობა ყველა მეფუტკრეობის მსურველისათვის გახდა ხელმისაწვდომი. თაფლი კი, ისევე როგორც უძველეს ეპოქებში, დღესაც ერთ-ერთ ძვირფას საკვებ პროდუქტად არის მიჩნეული. – (ავტორი გენია.ჯი)