ნიკოლოზ გოგოლი – „ეპიზოდი”
სხეულზე სულის გასამარჯვებლად გამართული სასტიკი ბრძოლა, რომელიც უკრაინული წარმომავლობის მქონე რუსმა მწერალმა – ნიკოლოზ გოგოლმა (1809-1852 წლები) აწარმოა საკუთარ არსებაში, ლიტერატორის გარდაცვალებით დასრულდა. (ავტორი გენია. ჯი) რელიგიაში ღრმად ჩაძირული მწერალი სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს დეპრესიამ მოიცვა. სულის ერთადერთ მხსნელად მას რელიგია მიაჩნდა და იმისათვის, რომ ცოდვილი სული გადაერჩინა, ყოველგვარი ხორციელი სიამოვნება უარყო. ამიტომაც მიიღო ნიკოლოზმა ურყევი გადაწყვეტილება იმისა, რომ ასკეტური ცხოვრების წესით განეგრძო სიცოცხლე. ზნეობრივი სრულყოფის მისაღწევად მწერალმა უარი თქვა საკვების მიღებაზე და თითქმის შეწყვიტა კონტაქტები ადამიანებთან და გარესამყაროსთან. უკიდურესმა შიმშილობამ გოგოლის ორგანიზმი სრულიად გამოფიტა. როდესაც გაათვითცნობიერა, რომ სიკვდილი გარდუვლად ახლოს იყო ჩასაფრებული, ყველა მისი პირადი ნივთი (მათ შორის ხელნაწერებიც) ცეცხლს მისცა და შემდგომ თავისი საქციელი იმით ახსნა, რომ ყოველივე ეს „ბოროტი სულის ზეგავლენის” შედეგად ჩაიდინა. გარდაცვალებამდე ორიოდე დღით ადრე რუსი ლიტერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. თუმცა, ექიმზე და მკურნალობაზე კვლავაც კატეგორიული უარი განაცხადა, რადგან ნიკოლოზ გოგოლი მორალურად უკვე შემზადებული იყო სიკვდილისათვის. 1852 წლის 21 თებერვალს მწერალი გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად კი შიმშილობის შედეგად გამოწვეული ორგანიზმის სრული გამოფიტვა იქნა დასახელებული. – (ავტორი გენია.ჯი)