მარტინ ბორმანი – „ეპიზოდი”
ფიურერის უახლოესი გარემოცვის წევრი და მისი პირადი მდივანი - მარტინ ბორმანი (1900-1945 წლები), რომელსაც თიკუნად მეტად მრავლისმეტყველი სახელი – „ჰიტლერის ჩრდილი” შეურჩიეს, არაერთხელ გამხდარა ადოლფის მხრიდან რისხვის ობიექტი. (ავტორი გენია.ჯი) კაცი, რომელიც ყველაფერში ბაძავდა თავის მიზანთროპ შეფს, ჰიტლერის განრისხების ობიექტად ერთხელ იმის გამოც კი იქცა, რომ ფიურერის ბერგჰოფის სამთო რეზიდენციისათვის 10 დამატებითი მოსამსახურე ქალის შერჩევა დაუგვიანდა. ბორმანმა თავი იმით იმართლა, რომ გერმანული ნაციზმის ბელადის სამთო რეზიდენციაში სამუშაოდ ღირსეული კანდიდატები ჯერ-ჯერობით ვერ მოიძებნაო. „ – როგორ, – გაუკვირდა გაბრაზებულ ჰიტლერს, – ჩემი კალმის ერთი ხელდასმით დივიზიები სიკვდილზე დაუფიქრებლად მიდიან. ამ დროს კი, არ შემიძლია ათი ღირსეული მოსამსახურე ქალი მოვძებნო ბერგჰოფისათვის”.
თუმცა, მარტინ ბორმანს თავისი შეფის რისხვა ყველაზე ძლიერ მაშინ დაუმსახურებია, როდესაც იგი ჰიტლერს ტყუილში გამოუჭერია. როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, ფიურერის პირადი მდივანი ყოველთვის ცდილობდა, რომ ყველაფერში ჰიტლერისათვის მიებაძა (ამიტომაც შეარქვეს „ჰიტლერის ჩრდილი”). ადოლფი ვეგეტარიანელი იყო და შესაბამისად, ხორცსაც არ ჭამდა. ბორმანი, რომელსაც ფიურერთან ხშირი ურთიერთობა გააჩნდა, თავადაც ვეგეტარიანელი გახდა. ეს კი ჰიტლერს შეუმჩნეველი არ დარჩენია. ფიურერის თანდასწრებით მარტინი არასოდეს შეექცეოდა ხორცს და თავს ჭეშმარიტ ვეგეტარიანელად აჩვენებდა მას. თუმცა, რამდენიმე ხანში ჰიტლერისათვის ცნობილი გახდა, რომ პირადი მდივანი მხოლოდ მისი თვალის ასახვევად ეწეოდა ვეგეტარიანელობას. იმისათვის, რომ ბორმანი ჰიტლერს ტყუილში გამოეჭირა, მას სწორედ მაშინ წაადგა თავზე, როდესაც ფიურერის მდივანი საკუთარ სახლში გემრიელად ილუკმებოდა შემწვარი ბატის მსუყე ნაჭრით. – (ავტორი გენია.ჯი)