დანტე ალიგიერის შესახებ…
ტოსკანის რეგიონის უმშვენიერეს ქალაქ ფლორენციაში დაირწა აკვანი ისეთი გენიოსებისა, როგორებიც იყვნენ – ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო ბუონაროტი, ფრანჩესკო პეტრარკა, ჯოვანო ბოკაჩო, სანდრო ბოტიჩელი, რაფაელი, ჯორჯო ვაზარი, ამერიგო ვესპუჩი, ნიკოლო მაკიაველი, გალილეო გალილეი, ჯოტო დი ბონდონე, ფილიპო ბრუნელესკი, დომენიკო გირლანდაიო, ჯიროლამო სავორანოლა, ჯოაკინო როსინი, ბენვენუტო ჩელინი, კოზიმო მედიჩი, ლეონ ბატისტა ალბერტი და კარლო კოლოდი. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამ ლეგენდად ქცეული პიროვნებებისა, ფლორენციაში ასევე ქვეყნიერებას მოევლინა იტალიურ ენაზე შექმნილი უდიდესი ლიტერატურული ნაშრომის – „ღვთაებრივი კომედიის” გენიალური ავტორი – დანტე ალიგიერი (1265-1321 წლები). საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მშობლიურმა ქალაქმა თავის დროზე სათანადოდ ვერ დააფასა ვერც ლეონარდო და ვინჩი, ვერც ფრანჩესკო პეტრარკა, ვერც ამერიგო ვესპუჩი, ვერც რაფაელი და ვერც „უზენაეს პოეტად” წოდებული – დანტე ალიგიერი (რომ არაფერი ვთქვათ, გალილეო გალილეიზე). ამ გენიალური პერსონებიდან რამდენიმე მათგანი სიცოცხლეს არა მშობლიურ, არამედ უცხო გარემოში გამოეთხოვა. ასეთივე ბედი ხვდა წილად პოლიტიკურად აქტიურ იტალიელ პოეტსაც. „თეთრი გველფების” პარტიის წარმომადგენელი ალიგიერი ერთობ გულმხურვალედ უჭერდა მხარს ფლორენციის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას და რომის პაპსა და იმპერატორს ურჩევდა, თავი შორს დაეჭირათ ფლორენციისაგან. 1301 წელს ფლორენციაში ძალაუფლება ხელისუფლება ხელში აიღო რომის პაპის მხარდამჭერებმა – „შავმა გველფებმა”. შედეგად, ქალაქის საკრებულოში მნიშვნელოვან პოსტზე მომუშავე დანტე ფლორენციაში „პერსონა ნონ-გრატად” იქნა გამოცხადებული. პოლიტიკურ ოპონენტს ახალმა ხელისუფლებამ ყოველგვარი საბაბის გარეშე დასდო ბრალი მექრთამეობაში, გამოძალვასა და ფულის გათეთრებაში. გარდა ამისა, „შავმა გველფებმა” დაყარეს ხმები, თითქოსდა, ფლორენციელი პოეტი მამათმავალობასა და გარყვნილებას ეწეოდა. რეპუტაციაშელახული დანტეს წინაშე ორი არჩევანი დადგა: მას ან სამუდამოდ უნდა დაეტოვებინა მშობლიური ქალაქი, ან კიდევ, უზარმაზარი ჯარიმა გადაეხადა სახელწმიფო ბიუჯეტში.
დანტე ფლორენციიდან წავიდა. თუმცა უსახლკაროდ არ დარჩენილა. (ავტორი გენია.ჯი) მშობლიური ქალაქიდან დევნილ სახელოვან პოეტს ბევრმა უცხო ქალაქმა შესთავაზა დახმარება. ალიგიერმა ერთი პერიოდის განმავლობაში იცხოვრა ბოლონიაში, შემდეგ პარიზში. საბოლოო ნავსაყუდელი კი, დანტემ ემილია-რომანიას რეგიონში განთავსებულ ქალაქ – რავენაში ჰპოვა. სიკვდილით დასჯის შიშით, პოეტი აღარასოდეს დაბრუნებია ფლორენციას და აღსასრულმაც რავენაში უწია. შესაბამისად, პოეტი ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ ვერც ერთხელ ვერ ინახულა თავისი სატრფოსა და მუზის – ბეატრიჩეს საფლავი. საფლავი იმ ქალის, რომელმაც შთაბერა მუზა პოეტს დაეწერა თავისი უკვდავი ქმნილებები – „ღვთაებრივი კომედია” და „ახალი ცხოვრება”. თავდაპირველად, ალიგიერს დაუწუნეს ის, რომ „ვულგარული ენით” წერდა თავის ქმნილებებს. ამ დროს კი, დანტეს შემოქმედება გაჯერებული იყო არა „ვულგარული ენით”, არამედ ფლორენციული დიალექტიკით. იმ დიალექტიკით, რომელიც XIX საუკუნის დასასრულს, ანუ იტალიის გაერთიანების შემდგომ, სახელმწიფო ენის ძირითად საფუძვლად იქცა (თანამედროვე ეპოქაში მაცხოვრებელი იტალიელები დღემდე ამ ენით საუბრობენ).
დანტეს გარდაცვალებიდან საუკუნეები გავიდა. და ბოლოს, როგორც იქნა, ფლორენციამ გვიან, თუმცა ძალიან კარგად გაათვითცნობიერა დანტეს წინაშე ჩადენილი დანაშაული. შედეგად, ქალაქის ხელისუფლებამ 2008 წელს ოფიციალურად მოიხადა ბოდიში იმისათვის, რომ 700 წლის წინათ აბსურდული ბრალდებების გამოისობით გააძევა ქალაქიდან სახელოვანი პოეტი. მონანიებულ ფლორენციას დარჩა საფლავი ბეატრიჩესი, თუმცა არ დარჩა საფლავი მისი „გამაღმერთებელი” ალიგიერისა. 1908 წლიდან მოყოლებული, ყოველი სექტემბრის მეორე კვირაში (დანტეს გარდაცვალების თვე) ფლორენციიდან ქალაქის მერის უშუალო ინიციატივით რავენაში იგზავნება სპეციალური დელეგაცია, რომელიც რავენას ხელისუფლებისაგან გენიალური თანამოქალაქის ნეშთის დაბრუნებას ითხოვს. საჩუქრად კი, ფლორენციიდან იგზავნება გადამუშავებული ზეითუნის ზეთი იმ ლამპადისათვის, რომელიც ალიგიერის საფლავზე ანთია ყოველდღიურად. მიუხედავად ამისა, რავენელები მაინც შეუვალნი არიან და ყოველ ჯერზე უარს ეუბნებიან ფლორენციელ სტუმრებს დანტეს ნეშტის გადასვენებაზე. – (ავტორი გენია.ჯი)