პოსოლე – (მექსიკური ღმერთების კერძი)
„მექსიკური ღმერთების კერძი”, – ასე მოიხსენიებენ დღემდე სიმინდის ერთ-ერთი სახეობის – „კაკაუსინტლეს” გიგანტური მარცვლებისაგან, ხორცისგან და სხვა საკვები ინგრედიენტებისაგან დამზადებულ ტრადიციულ მექსიკურ კერძს – „პოსოლეს”. (ავტორი გენია.ჯი) მექსიკური სამზარეულოს უცვლელი კერძი თავდაპირველად აცტეკებმა დააგემოვნეს და შესაბამისად, მას დიდი ხნის ისტორიაც გააჩნია. როგოც ცნობილია, მექსიკისა და სალვადორის ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ინდიელი ხალხი ნაუატლის უტო-აცტეკურ ენაზე საუბრობდნენ. ამ ენიდან თარგმანით, სიტყვა „პოსოლე” ითარგმნება, როგორც – „ქაფი”. კერძმა ასეთი უჩვეულო სახელწოდება „კაკაუსინტლეს” მარცვლების გამოისობით მიიღო, რადგან ისინი მოხარშულ მდგომარეობაში ეკზოტიკურ თეთრ ყვავილს მოგაგონებდათ. პოსოლეში ერთად თავმოყრილი სიმინდის მარცვლები კი, თავის მხრივ, ძალიან ჰგავდა ზღვის ზედაპირზე წარმოქმნილ ქაფს. გარდა სიმინდის მარცვლებისა, პოსოლეს დასამზადებელ უცილობელ ინგრედიენტად ხორციც არის მიჩნეული. ერთ ძველ აცტეკურ ლეგენდას თუ ვერწმუნებით, ინდიელებს სპეციალურად გამოჰყავდათ ძაღლის მსგავსი ცხოველები, რომელთა ხორცითაც ამზადებდნენ შემდგომ „მექსიკური ღმერთების კერძს”. იყო პერიოდები, როდესაც აცტეკებში ფართოდ ჰქონდა ფეხი მოკიდებული კანიბალიზმს. ამიტომაც დაიწყეს მაშინ ერთ-ერთ ინგრედიენტად სხვადასხვა სახეობის ცხოველის ხორცის ნაცვლად, ადამიანის ხორცის (ძირითადად – ფეხების) გამოყენება. ამისათვის აცტეკები ტყვედ აყვანილ გაუბედურებულ ადამიანებს იყენებდნენ. ასეთი ამაზრზენი სახის მქონე აცტეკური კერძი ყველაზე ხშირად მაშინ კეთდებოდა, როდესაც ტენოჩტიტლანში მასობრივი მსხვერპლთშეწირვა იწყებოდა. მსხვერლთა ფეხებისაგან დამზადებული კერძის „მირთმევის” პრივილეგიით მხოლოდ და მხოლოდ აცტეკთა იმპერატორები და დიდებულები სარგებლობდნენ. მათთვის განსაკუთრებული პატივი იყო ისეთი პოსოლეს მირთმევა, რომელიც მათივე მტრების ფეხებიდან იყო დამზადებული. ცნობილია, რომ ყველაზე ხშირად (განსაკუთრებით – რელიგიურ დღესასწაულებზე) ამ კერძით აცტეკების უკანასკნელი იმპერატორი – მონტესუმა II იკვებებოდა.
ევროპელმა კოლონიზატორებმა მოგვიანებით პოსოლე სხვა საკვები ინგრედიენტებით გაამდიდრეს. მაგალითად, ღორის თავით. დროის გასვლასთან ერთად, „მექსიკური ღმერთების კერძად” წოდებული – პოსოლეს დამზადება ბევრად უფრო „ცივილიზებული” მეთოდით განახლდა. – (ავტორი გენია.ჯი)