ხუან სებასტიან დელ კანო – „ეპიზოდი”
ესპანელთა სამსახურში ჩამდგარი ერთ-ერთი უდიდესი პორტუგალიელი მეზღვაური და მოგზაური – ფერნანდო მაგელანი, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა მისივე სახელგანთქმული ექსპედიციის წევრის, ესპანელი მეზღვაურის – ხუან სებასტიან დელ კანოს (1486-1526 წლები) ჩრდილში. (ავტორი გენია.ჯი) მაგელანის ფლოტილიაში მოკალათებული დელ კანოს უმთავრეს თავდაპირველი მიზანი იყო, როგორმე გაქცეოდა მშობლიურ მართლმსაჯულებას. როგორც ცნობილია, თავის დროზე ხუანი დიდ ვალებში ჩავარდა, რის გამოც იგი იძულებული გახდა კრედიტების დასაფარად პირად საკუთარებაში არსებული საზღვაო ხომალდი გაეყიდა. იმ პერიოდის ესპანეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გემის გაყიდვა სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნეოდა. სასჯელი კი ასეთი დანაშაულისათვის, მართლაც რომ სასტიკი იყო – ჩამოხრჩობა. ერთი ვერსიის თანახმად, დელ კანო შეწყალებული იქნა, მეორე ვერსიის თანახმად კი, მან მაგელანის ექსპედიციას შეაფარა თავი და სამშობლოდან გაიქცა. ურთულეს მოგზაურობაში მყოფ ექსპედიციის წევრებს შორის წარმოშობილი უთანხმოება მალე ამბოხებაში გადაიზარდა. მეამბოხეებს სათავეში ხუანი ჩაუდგა. რამდენიმე ხანში ამბოხება შეწყდა. ფერნანდომ დიდსულოვნად აპატია ამბოხებულებს ჩადენილი დანაშაული. მიზანი თითქმის მიღწეული იყო, რა დროსაც მაგელანი გარდაიცვალა. ექსპედიციის ხელმძღვანელობა საკუთარ ხელში დელ კანომ აიღო და შესაბამისად, მიზნის საბოლოო მიღწევის შესაძლებლობაც ამ უმნიშვნელოვანესი ექსპედიცისა ხუანს მიეცა. მიეცა და, მოიხვეჭა კიდეც მთელი ის დიდება, რაც წესითა და რიგით, მაგელანს უნდა მოეხვეჭა. სამშობლოში ოდესღაც შერისხულ ხუანს თავისმა ქვეყანამ სამუდამო პენსიად იმ პერიოდისათვის უზარმაზარი თანხა – 500 ოქროს გულდენი დაუწესა. მისი სახელი ასოცირდა იმ პირველ ადამიანთან, რომელმაც პირველმა შემოუარა წარმატებით დედამიწას. (ავტორი გენია.ჯი) ესპანეთის მეფემ – კარლ V-მ „ღვაწლმოსილ” თანამემამულეს რაინდის ტიტულის გარდა, საკუთარი გერბიც უბოძა, რაც თავის მხრივ, სიმბოლურად აღნიშნავდა მის „უჭკნობ გმირობას”. ამ დროს კი არავის ახსოვდა დიდი „უცხოელი” – ფერნანდო მაგელანი, რასაც დელ კანოს გერბიც მოწმობდა. მასზე გამოსახული იყო დარიჩინის ორი გადაჯვარედინებული ღერო. ჯავზის ნაყოფი და მიხაკი ავსებდნენ გერბის შინაგან ფონს. მათ აგვირგვინებდა აწეული მუზარადი, რომლის თავზეც აღმართული იყო დედამიწის სფერო ერთობ ზვიადი წარწერით: „Primus circumdedisti me”, ანუ – „შენ პირველმა შემომიარე მე”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. კიდევ უფრო უსინდისოდ მოიქცა ექსპედიციის სხვა წევრი – ესტებან გომესი. კაცმა, რომელიც შუა გზიდან ლაჩრულად გაიქცა ესპანეთში და ექსპედიცია გასაჭირში მიატოვა, სევილიაში გამართული სასამართლოს მიმდინარეობისას უსირცხვილოდ იცრუა: „დელ კანომ, როგორც წინამძღოლმა და უფროსმა მესაჭემ, სრუტე იპოვნა”. ეს ის სრუტეა, რომელსაც მოგვიანებით დიდი პორტუგალიელი მეზღვაურის – ფერნანდო მაგელანის სახელი ეწოდა. -(ავტორი გენია.ჯი)
ხუან სებასტიან დელ კანოს გერბი