საბაჰათინ ალი – „კარგი რამაა ფული!”
„კარგი რამაა ფული! ხშირად ამოვიღებ ხოლმე ჯიბიდან ლირას, დავიდებ წინ და ვუყურებ. მასში არაფერია განსაკუთრებული – რამდენიმე ერთმანეთში ფაქიზად გადახლართული ხაზები, თითქმის ისეთი, სკოლაში რომ ვხაზავდით ხოლმე. ეგ არის, რომ ეს ხაზები ცოტა წვრილია და ერთმანეთში არეული. მერე რაღაც ნახატი, ორი მოკლე სტრიქონით და ორი-სამი ხელმოწერა. ეს ლირა ახლოს რომ მიიტანო, ცხვირში ოფლისა და ჭუჭყის სუნი გეცემა, მაგრამ ხომ იცი, რა დიდი ძალა აქვს ამ ჭუჭყიან ქაღალდს! – ვთქვათ, რაიმე დარდი შემოგაწვა, ცხოვრება უფერული და უაზრო მოგეჩვენა, იწყებ რაღაც „ღრმააზროვანი”, ფილოსოფიის მსგავსი სისულელეების ჩმახვას, მერე ესეც მოგწყინდება და ენის განძრევაც გეზარება. გეჩვენება, რომ ქვეყნად ვერავინ და ვერაფერი ვერ დაგაინტერესებს. ყველაფერი გტანჯავს და გაღიზიანებს, ამინდიც კი. ხან გეჩვენება, რომ ძალიან ცხელა ან ძალიან ცივა ან კიდევ ძალიან ნესტიანი ჰავაა. გეჩვენება, რომ გამვლელები რაღაც იდიოტურად გამოიყურებიან. მერე აზრებს მოიკრებ და ცდილობ გაარკვიო ასეთი საზიზღარი სულიერი განწყობილების მიზეზი, მაგრამ ყველაფერი ამაოა, წინ გადაგეღობება ადამიანის სულის ამოუცნობი საიდუმლოებანი. მერე ხელს წაავლებ წიგნებში ამოკითხულ სიტყვა „დეპრესიას”, რადგან ყველას ძალიან გვინდა რაღაც დავარქვათ და რითიმე გავამართლოთ ჩვენი სნეულება, ფიზიკური იქნება ეს თუ სულიერი. ხოლო, როცა ამას ვერ ვახერხებთ, თავს ცუდად ვგრძნობთ. ექიმები შიმშილით მოკვდებოდნენ, ადამიანებს ყველაფრისათვის რომ სახელის დარქმევა არ უყვარდეთ. ჰოდა, როცა საკუთარი ნაღველის უსასრულო ზღვაში ტალღები თავის ნებაზე გატარებენ, მაშველი რგოლივით ჩაეჭიდები სიტყვა „დეპრესიას”. ამ დროს მოულოდნელად გამოგეცხადება დიდი ხნის უნახავი მეგობარი. როგორც კი შეამჩნევ, რომ იგი კარგად ჩაცმულია, უმალ გაგახსენდება, რომ ჯიბეში ერთი ყურუშიც არ გიჭყავის! თუ ბედი გწყალობს, მეგობარი გასესხებს ორ-სამ ლირას და სწორედ აქედან იწყება სასწაული – მაშინვე იგრძნობ შვებას, სული გაგინათლდება, თითქოს ქარმა სამუდამოდ გაფანტა დარდები, ნაღვლის ნასახიც კი არა გრჩება. ყველაფერს კმაყოფილებით უმზერ და ისეთ კაცს დაეძებ, რომელთანაც შეგეძლება მადიანად იმასლაათო. ასე რომ, ორი ჭუჭყიანი ქაღალდით მიაღწევ იმას, რასაც ვერ მიაღწევ მთელი დასტა წიგნებისა და ხანგრძლივი ფიქრის საშუალებით. ამავე დროს საკუთარ თავსაც არ უტყდები, რომ ყველაფერი ეს გროშის შოვნამ მოგგვარა. ცდილობ შენი განწყობილების ცვლა ამინდის გამოკეთებას ან გრილ ნიავს მიაწერო, კეფაზე რომ საამოდ გესალმუნება. ან კიდევ იმ ბედნიერ აზრს, რომელიც იმ წუთს დაგებადა. მაგრამ, ჩვენს შორის დარჩეს, და ყველაფერი ეს სულ სხვაგვარად ხდება, სწორედ ამ ორ-სამ ლირას უნდა უმადლოდე, რომ გრილ ნიავს გრძნობ და ჭკვიანურად აზროვნებაც შეგიძლია”… – (ავტორი გენია.ჯი)