მუხრან მაჭავარიანი – „მჯერა შენი გადარჩენის!!!”
სისხლით მორწყულ ქართულ მიწას, ისევ სისხლის წვიმა ელის,
მტერმა ბევრჯერ დაამიწა, ბევრჯერ აღსდგა რისხვად მტერის,
ამ უბადლო მდინარეებს, ამ უსაზღვრო ზვრებს,
ცისფერი არ ღირსებია, მხოლოდ სისხლის ფერს,
ვაი, ჩემო საქართველოვ, შენ არ ჰგავხარ სხვას…
რა პატარა, რის პატარა, ვინ გიბედავს თქმას?
მიტომ ღმერთის რჩეული ხარ, ღმერთი აღსდგა შენით.
თუ არა ღმერთს, ვის შეეძლო შობა შოთას ერის?
უქარქაშო ხმალო აღსდექ, მოძრაობა გშვენის,
შენ არა ხარ იმ რჯულისა, ეშინია ვისაც მტერის,
* * *
რა პატარა, რის პატარა, რა ვუყოთ, რომ დიდი გებრძვის?
დიდი არა, ბევრი მხოლოდ, შენი ფეხის მტვერი.
* * *
უკან გიდგას ფარულ ღალატს მიჩვეული ერი?
ვაგლახ მტერიც რომ არა გყავს შენი შესაფერი?
ნეტავ იმ დროს, დიდგორიანს, შამქორიანს და ბასიანს,
მილიონი რომ ებრძოდა და უფრთხოდა შენს ასიანს,
ზურგი შენი არ უნახავს სულთანს, შაჰს და ბიზანტიას,
გაიღვიძე, თორემ მერე ყველაფერი გვიანია!
* * *
გკლავდენ ზღაპრულ დევის მსგავსად,
თავს გჭრიდენ და თავს იბამდი,
დევი რომ არ ყოფილიყავ?
გმირი რომ არ ყოფილიყავ?
ღმერთი რომ არ ყოფილიყავ…
რას იზამდი?
ერის სულო გეძებ, გეძებ.
ო, რა იშვიათად მხვდები,
ექვსჯერ ათი წელიწადი
უმოწყალოდ ცვდები, კვდები.
სანამ დროა, სანამ დროა. კიდე დროა,
სანამ კვდები,
სანამ კიდე გიდგას სული
ადექი და გამოგყვები.
* * *
საქართველოს წყლულო ჩემო, ვცოცხლობ შენით, ვცოცხლობ შენით.
წინაპართა ძვლების დარად, მჯერა შენი გადარჩენის!!!