ენგას ხალხი – „ეპიზოდი”
პაპუა-ახალი გვინეის კუნძულოვან სახელმწიფოში, კერძოდ კი, ენგას პროვინციაში მაცხოვრებელ – ენგას ეთნიკური ჯგუფის ხალხში (პაპუასებში), რომელშიაც სრული პატრიარქატია გაბატონებული, ქალსა და მამაკაცს, მათ შორის ცოლ-ქმარსაც კი, თავთავიანთი სახლები გააჩნდათ და შესაბამისად, განცალკევებულადაც ცხოვრობდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ენგას ეთნიკური ჯგუფის ხალხის საზოგადოებაში, სადაც მანდილოსნები დიდსულოვნად იტანდნენ მამაკაცებისაგან ცემასა და დამცირებას, ქმარს სურვილის შემთხვევაში უფლება ჰქონდა მეუღლის სახლს ნებისმიერ დროს სწვეოდა, განსხვავებით ქალისაგან, რომელსაც კატეგორიულად ეკრძალებოდა ანალოგიური ქმედების განხორციელება (ეს წესი დღემდე მრავალ პაპუასურ სოფელშია შემორჩენილი). მამაკაცთა და მანდილოსანთა სახლები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. მათ სახლებს გააჩნიათ, როგორც საძინებელი და ვერანდა, ასევე სასტუმრო ოთახიც. თუმცა, მამაკაცის სახლისაგან განსხვავებით, ყოველი ქალის სახლში საძინებელსა და სასტუმრო ოთახს შორის მოთავსებული იყო კიდევ ერთი ოთახი (სადგომი), სადაც, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ერთობ სპეციფიკური სუნის მქონე – ღორები ჰყავდათ დაბინავებული. წესით, ერთ ოჯახს მინიმუმ ხუთი-ექვსი ღორი უნდა ჰყოლოდა.
ღორი. – ამ შინაურ ცხოველს ენგას ხალხისათვის უდიდესი დანიშნულება გააჩნდა. პაპუასების საზოგადოებაში, რაც უფრო მეტი ღორი ჰყავდა ოჯახს, მით უფრო მდიდარ და გავლენიან ოჯახად მიიჩნეოდა იგი. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ პაპუა-ახალი გვინეის ეს ძველისძველი მოსახლეობა, თავად ძალიან იშვიათად იკვებებოდა ღორის ხორცით. ისინი ღორს მხოლოდ და მხოლოდ სერიოზული მიზეზის შემთხვევაში კლავდნენ. მაგალითად, რიტუალური ტრაპეზის, ქორწილისა და დაკრძალვის დროს. დაქორწინებულ მამაკაცს უფლება ჰქონდა ჰყოლოდა საყვარელი, თუმცა ქალს ეს კატეგორიულად ეკრძალებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ქმარი ცოლს ღალატზე წაასწრებდა, მას შეეძლო იგი სასტიკად ეცემა. და ყველაზე საინტერესო რაც არის: „რქებდადგმულ” ქმარს უფლება ენიჭებოდა შეურაცხყოფის საკომპენსანციოდ ცოლის საყვარლისაგან რამდენიმე ღორი მოეთხოვა და მიეღო კიდეც.
ენგას ეთნიკურ ჯგუფში შემავალი მანდილოსნები ძირითადად დიასახლისობას ეწეოდნენ, რადგან მათ აკრძალული ჰქონდათ ყოველგვარი საზოგადოებრივი საქმიანობა. ქალების უმთავრეს საქმიანობას ბავშვისა და (საკვირველი კია, მაგრამ ფაქტია) ღორის გაზრდა წარმოადგენდა. მათთვის იმდენად რთული ბავშვზე მზრუნველობა არ ყოფილა, რამდენადაც გოჭზე მზურნველობა. დღისით გოჭებს გარეთ უშვებდნენ, საღამოს კი, შინ დაბრუნებულთ, სპეციალური, ერთობ ნოყიერი საკვებით უმასპინძლდებოდნენ, რათა უფრო სწრაფად შეესხათ ხორცი და უფრო სწრაფად გაზრდილიყვნენ. ის კი არა და, ენგას ქალები, როგორც ყრმებს, ისე ჰკვებავდნენ თავიანთ პატარა გოჭებს საკუთარი მკერდით. – (ავტორი გენია.ჯი)