ვიტელიუსი – „ეპიზოდი”
„იგი, შემალული ბაღის ჩრდილში, ვითარცა ზარმაცი პირუტყვი გაძღება და უმოქმედოდ დაეგდება, არ ფიქრობდა არც წარსულზე, არც აწმყოზე და არც მომავალზე”. – ასე დაახასიათა დიდმა ძველ რომაელმა ისტორიკოსმა – პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსმა ღორმუცელობით სახელგანთქმული რომის იმპერატორი - აულიუს ვიტელიუს გერმანიკუსი (15-69 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია, რომ ვიტელიუსმა ძალაუფლება მას შემდეგ ჩაიგდო ხელში, რაც ბედრიაკაზე გამართულ ძმათამკვლელ ბრძოლაში მოიპოვა „გამარჯვება”. იტალიელი ხალხისათვის ამ ავადსახსენებელი ძმათამკვლელი ბრძოლის დასრულებიდან 40 დღე იყო გასული, როდესაც რომისაკენ გზად მიმავალმა უზომო ჭამა-სმის მოყვარულმა ვიტელიუსმა ბრძოლის ველის დათვალიერება გადაწყვიტა. როსკიპი ქალებით, მუსიკოსებითა და ჯამბაზებით გარემოცული აულიუსის თვალწინ საზარელი სანახაობა გადაიშალა: დაუმარხავი და გახრწნილი გვამებით იყო დახერგილ-დამძიმებული უზარმაზარი ტერიტორია. ტერიტორია, სადაც გახრწნილ და დაუმარხავ გვამებს საშინელი მყრალი სუნი დაეყენებინათ. ვიტელიუსის თანმხლები პირები ნანახმა შეზარა. სამაგიეროდ, უკიდურესად აღფთოვანდა თავად, თანამემამულეებზე „გამარჯვებული”, რომელმაც ღმერთებს მსხვერპლი და მადლობა შესწირა მოპოვებული წარმატებისთვის. ბრძოლის ველის დატოვების წინ იგი სუნთქვაშეკრული და შეძრწუნებული ამალის წევრებს მიუბრუნდა და ცინიკურად შესძახა: „ყველაზე საამური სუნი ის არის, რომელიც გვცემს მოკლული მტრისაგან, განსაკუთრებით თანამოქალაქე მტრისაგან”.
69 წლის ივლისში ვიტელიუსი 60 000-იანი არმიის თანხლებით შევიდა რომში. მისი მმართველობის ხანა რომაელი ხალხის უმძიმეს ისტორიაში ერთ-ერთ უსაშინლეს პერიოდად არის მიჩნეული დღემდე. – (ავტორი გენია.ჯი)