ვისკაშები – „ეპიზოდი”
ძუძუმწოვარი ცხოველი მღრნელების რიგისა – ვისკაშა, რომელიც გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე (არგენტინაში, პარაგვაისა და ბოლივიაში), დიდ მიწისქვეშა საერთო კომუნალურ სოროებში ამჯობინებს ცხოვრებას კოლონიებად. (ავტორი გენია.ჯი) ვისკაშების კოლონია კი, თავის მხრივ, ორმოცამდე ეგზემლარისაგან შედგება. დაბალი ტანის მქონე მღრნელები, რომლებიც სახით კურდღელს ჩამოჰგვანან, მეტად ლაღი და დარდიმანდი ცხოვრების მოყვარული ცხოველები არიან, რასაც მათი დიდი მიწისქვეშა საერთო კომუნალური საცხოვრებლის სტრუქტრურაც ადასტურებს. ვისკაშების ამ უჩვეულო სოროებს ზოოლოგებმა თავის დროზე – „vizcacheras” უწოდეს. სოროს შესასვლელთან მიწა მოტიტვლებულია და ისეა დატკეპნილი უამრავი პატარა ფეხებით, რომ ვისკაშების საერთო კომუნალური საცხოვრებლის შესასვლელი საცეკვაო მოედანს ჰგავს. მათ სოროებში ყოველთვის შეიძლება შეუსწრო სხვა ცხოველებსა და ფრინველებს. მაგალითად, მიწის ბუები ბინებს იშენებენ სოროების გვერდით კედლებში. ზოგჯერ, ვისკაშების დიდი მიწისქვეშა საცხოვრებლის მიგდებულ კუთხეებში დაიბინადრებენ ქვეწარმავლები, რომლებიც ერთი შეხედვით, მანსარდის მკვიდრთა როლში გამოდიან. როდესაც ვისკაშები აფართოებენ თავიანთ მიწისქვეშა სოროებს, ისინი თავს ანებებენ ძველი სოროს ნაწილს, რომელშიაც შემდგომ ხშირად სახლდებიან ხოლმე მერცხლები. შესაბამისად, ვისკაშების დიდი მიწისქვეშა საერთო კომუნალური სოროები ერთობ ჭრელი საზოგადოებისაგან არის დაკომპლექტებული. – (ავტორი გენია.ჯი)