ანტონიუს პიუსი – „ეპიზოდი”
„ღვთისმოსავად” წოდებული რომის იმპერატორის – ანტონიუს პიუსის (86-161 წლები) შესახებ ისტორიკოსები ერთხმად თანხმდებიან, რომ იგი ძალიან ჭკვიანი, დინჯი და გულმოწყალე მმართველი იყო. (ავტორი გენია.ჯი) II საუკუნეში მოღვაწე ბერძენი ფილოსოფოსი და რიტორიკოსი – ელიუს არისტიდე ხოტბას ასხამდა ანტონიუსის მოღვაწეობას და ხაზს უსვამდა, მისი უშუალო ძალისხმევის შედეგად რომის უზარმაზარი სახელმწიფო დიდებულად აწყობილ ოჯახს დაემსგავსაო. სწორედ ანტონიუსი იყო ის რომის იმპერატორი, რომელიც განსაკუთრებით აღუფრთოვანებია რომის ქუჩებში იბერიის ხელმწიფის – ფარსმანის მხედრულ ჯირითს, რის აღსანიშნავადაც რომის ფორუმზე აღუმართავთ ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება. თუმცა, ყველაზე მეტად, რაც ანტონიუსის მიმართ დადებითად განაწყობს ადამიანს, არის მისი პოლიტიკური სამოქმედო პრინციპი. ეს გახლდათ დიდებული პრინციპი საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, რომლის დაცვასაც მაქსიმალურად ცდილობდა იგი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში. და მაინც, რა იყო ამ პრინციპში დიდებული? – როგორც ცნობილია, ანტონიუსი დიდ პატივს მიაგებდა ძვ.წ.აღ-ით I საუკუნეში მოღვაწე სახელგანთქმული რომაელი პოლიტიკოსისა და მხედართმთავრის – მეტელუს სციპიონის ხსოვნას. სწორედ ამ კაცის გენიალური სიტყვები აქცია შემდგომში თავის პოლიტიკურ სამოქმედო პრინციპად ანტონიუსმა: „მე ერთი მოქალაქის გადარჩენა მირჩევნია ათასი მტრის მოკვლას”. – (ავტორი გენია.ჯი)