კალიგულა – „ეპიზოდი”
„ნეტავ მთელ კაცობრიობას ერთი თავი ედგას, რომ ერთის მოქნევით მოვკვეთდი და დავისვენებდიო”, – უთქვამს ერთხელ „ჩექმუკად” წოდებულ რომის კაცთმოძულე იმპერატორს – გაიუს იულიუს კეისარი ავგუსტუს გერმანიკუსს (12-41 წლები), იგივე – კალიგულას. (ავტორი გენია.ჯი) ამ ავზნიან მიზანთროპს სძულდა ადამიანი, თუმცა აღმერთებდა – ცხენს, სახელად – ინციტატუსს. ღია-ნაცრისფერი შეფერილობის მქონე ულაყს, რომელიც კალიგულას ესპანეთიდან ჩამოუყვანეს, შეშლილმა იმპერატორმა თავდაპირველად რომის მოქალაქეობა მიანიჭა, შემდეგ კი იგი თხუთმეტ უმაღლეს ქურუმთა შორის შეიყვანა. ის კი არადა, დიონისე კასიელის გადმოცემის თანახმად, „ჩექმუკა” ინციტატუსის გასენატორებასაც აპირებდა, თუმცა ვერ მოასწრო, რადგან შეთქმულებმა მოჰკლეს.
კალიგულა სენატის სხდომებზე ხშირად ცხადდებოდა ინციტატუსზე ამხედრებული. იგი სენატის ვრცელ დარბაზში ცხენით ჯირითობდა ხოლმე, რაც დამადასტურებელია მისი აგდებული და უკიდურესად დამამცირებელი დამოკიდებულებისა რომაელი ხალხის რჩეული სენატორებისადმი. პირსისხლიანი და დაუნდობელი იმპერატორის საყვარელი ცხენი არაერთხელ „დაესწრო” სენატის სხდომებს, რასაც მრავალი ისტორიული წყარო ადასტურებს. ერთ-ერთი ასეთი სხდომის მიმდინარეობისას, ინციტატუსს დაუჭიხვინია, რა დროსაც წარმოუთქვამს კიდეც კალიგულას თავისი „ისტორიული” ფრაზა: „ძლივს ამ სენატში ერთი ადამიანური ხმა გავიგონეო!” – (ავტორი გენია.ჯი)