ლუციუს ანეუს სენეკა – „ეპიზოდი”
„ეს სტოიკოსი, რომელიც სათნოებასა და დათმენას ქადაგებდა, პირველი ინტრიგანი იყო ნერონის კარზე, ამასთან იგი გვერდს როდი უხვევდა ქლესაობასაც; არ თაკილობდა საჩუქრების სახით ნერონისაგან ფულის, ადგილმამულების, ბაღების, სასახლეების გამოძალვას და, თუმცა სახარების ლაზარეს სიღარიბეს ქადაგებდა, თვითონ ნამდვილად სახარების იმავე იგავში გამოყვანილი მდიდარი იყო”. – ამ სიტყვებით დაახასიათა მარქსიზმის ერთ-ერთმა გერმანელმა ფუძემდებელმა – ფრიდრიხ ენგელსმა საყოველთაოდ ცნობილი „ზნეობითი წერილების” ავტორი, გენიალური ძველ რომაელი ფილოსოფოსი - ლუციუს ანეუს სენეკა (ძვ.წ.აღ-ით 4 – ახ. წ.აღ-ით 65 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ცნობისათვის, ენგელსმა რომაელ მოაზროვნეს, თავისი ფილოსოფიური პრინციპებიდან გამომდინარე, რომლებიც შემდგომში ქრისტიანული დოგმატიზმის კანონებად იქცნენ, – „ქრისტიანობის ბიძა” უწოდა. და მართლაც, ამ დიდი ნიჭის, ფართო განათლებისა და მაღალი სულიერი თვისებების მქონე მოაზროვნემ მაინც ვერ დააღწია თავი თავისი დროის დამახასიათებელ ზოგიერთ მანკიერებას. ლუციუსი არ მორცხვობდა მაშინ, როდესაც იგი მთელი არსებით მიილტვოდა სახელგატეხილი საიმპერიო სასახლისაკენ. უყვარდა ფუფუნება და თავს ვერ აღწევდა კარიერული წინსვლის ცდუნებებს. მრავალი ავტორი სენეკას პიროვნების განმსაზღვრელად მის მიერ ნერონის აღზრდას მიიჩნევს. იმ სასტიკი ნერონისა, რომელმაც სისხლის მდინარეები ადინა „მარადიულ ქალაქს”. რაც არ უნდა ითქვას, ფაქტია, რომ ლუციუსი ენერგიულად ცდილობდა რომის ოდიოზი იმპერატორის, მისი აღზრდილი ნერონის ავზნიანობა, გარყვნილება და სისასტიკე შეენელებინა, მაგრამ პირადი კეთილდღეობის დაკარგვის შიშით იგი დიდხანს ვერ ბედავდა რადიკალურ გამოსვლას მის წინააღმდეგ. როდესაც გაბედა, იძულებული გახდა ვენები გადაეჭრა და ცხელი წყლის ოხშივარში დაეხშო სუნთქვა. – (ავტორი გენია.ჯი)