ინდიელთა თავსაბურავი – „ეპიზოდი”
ამერიკელი ინდიელების ლეგენდად ქცეული თავსაბურავები, რომლებიც შემკულნი იყვნენ სხვადასხვა სახეობის ფრინველთა ფრთებით, იმთავითვე აინტრიგებდა არაერთი თაობის ევროპელებს. (ავტორი გენია.ჯი) ინდიელები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ ეროვნულ თავსაბურავს არაჩვეულებრივი ძალა გააჩნდა და სასწაულების ჩადენა შეეძლო. გარდა ამისა, მათ სჯეროდათ, რომ ფრინველთა ფრთებით შეკრული თავსაბურავი მის მფლობელს მტრებისთვის მიუწვდომელს გახდიდა და დიდი წარმატებებსაც მოუტანდა. თუმცა ინდიელები თავსაბურავების შესამკობად ყველა სახეობის ფრინველის ფრთებს არ იყენებდნენ. ასეთ შემთხვევაში ყველაზე პოპულარულად – არწივის ფრთები მიიჩნეოდა, რადგან ისინი „დიად სულსა” და „სამყაროს სულს” განასახიერებდნენ.
იმისათვის, რომ ინდიელებს არწივთა ფრთები მოენადირებინათ თავიანთი თავსაბურავებისათვის, ერთობ მკაცრი წესი უნდა დაეცვათ. მაგალითად, არ შეიძლებოდა არწივის მშვილდით ან ცეცხლსასროლი იარაღით მოკვლა. ეს დიდებული მტაცებელი ფრინველი მონადირეს მხოლოდ და მხოლოდ სატყუარათი, ან კიდევ, შიშველი ხელით უნდა დაეჭირა. ასეთი სახის ნადირობა ძალიან რთულ და საშიშ მოვლენას წარმოადგენდა, რის გამოც არწივის უმამაცეს დამჭერთ ინდიელ ხალხში დიდი პატივისცემითა და მოწიწებით ექცეოდნენ. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ინდიელთა მიერ მკაცრი წესების დაცვით მოპოვებული არწივის ფრთების შეძენა ძალიან ძვირი სიამოვნება იყო, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ერთი თავსაბურავისათვის საჭირო ფრთები თავისუფლად იცვლებოდა ერთ ცხენში. ცხენი კი მოგეხსენებათ, რომ ინდიელებში ყველაზე დიდ სიმდიდრედ მიიჩნეოდა. – (ავტორი გენია.ჯი)