კარაკალა – „ეპიზოდი”
რომის იმპერატორმა – მარკუს ავრელიუს სევერუს ანტონიუს ავგუსტუსმა (188-217 წლები), თავისი მეტსახელი – „კარაკალა”, იმ გალური ლაბადის სახელწოდებიდან („Caracalla”) მიიღო, რომელსაც მუდამ ატარებდა. (ავტორი გენია.ჯი) ძმის – პუბლიუს სეპტილიუს გეტას მკვლელი იმპერატორის ოცნებას „ალექსანდრე მაკედონელობა” წარმოადგენდა. რამდენადაც ფიზიკურად მძლავრი იყო კარაკალა, იმდენად გონება ჩლუნგსაც წარმოადგენდა იგი. მოკლედ რომ დავახასიათოთ, სევერუსის უფროსი ვაჟიშვილი ზნეობრივად სულგაძარცვული და სულმოკლეობით გულგაბოროტებული პერსონა გახლდათ. ალექსანდრე დიდის მსგავსად, კარაკალამაც ჩამოაყალიბა მაკედონიური ფალანგა, მერე ილიონსაც ეწვია და აქილევსის საფლავიც მოინახულა, უცხოელების (გერმანელთა) ამალაც გაიჩინა, რაკი ალექსანდრესაც ასევე ჰყავდა უცხოელები (სპარსელები) თავის ამალაში. თუმცა ის არც ალექსანდრე იყო და არც აქილევსი. მან გაძარცვა დიდი მაკედონელის მიერ დაარსებული ქალაქი – ალექსანდრია, ხოლო მისი ახლაგაზრდობა კი სრულიად გაჟლიტა. ძმისა და ათასობით მოყვასის მკვლელმა ცოლად შეირთო დედინაცვალი, რის გამოც „ოიდიპოსიც” კი უწოდეს.
ყველაზე ძლიერ კარაკალა ძმის მკვლელობისათვის შეიძულა ხალხმა. იმისათვის, რომ იმპერატორს როგორმე გაემართლებინა თავისი ამაზრზენი დანაშაული, სახელგანთქმულ ძველ რომაელ იურისტსა და ცნობილი სამართლებლივი ტრაქტატის – „კითხვები და პასუხები” ავტორს – ემილიუს პაპინიანეს მიმართა. მან უდიდეს რომაელ იურისტს გეტას მკვლელობის გამართლება უბრძანა. პაპინიანემ შესანიშნავად უწყოდა, რომ შურისმაძიებელი კარაკალასათვის შებედილი უარი – სასიკვდილო განაჩენზე ხელის მოწერას უდრიდა (და ეს ასე მოხდა კიდეც ერთ წელიწადში), თუმცა მას მაინც მამაცური ნაბიჯი გადაუდგამს და ძმისკვლელის გამართლებაზე უარი მეტად მრავლისმეტყველი სიტყვებით უთქვამს – „უფრო ადვილია ძმისმკვლელობის ჩადენა, ვიდრე მისი გამართლებაო”. – (ავტორი გენია.ჯი)