კონფუცის შესახებ…
70 წლის ასაკში მყოფმა გენიალურმა ჩინელმა ფილოსოფოსმა – კონფუციმ (ძვ.წ.აღ-ით 551-479 წლები) უკანასკნელ გზაზე გააცილა თავისი მეუღლე, არისტოკრატთა ოჯახიდან გამომავალი ქალი – კიკოან ში. (ავტორი გენია.ჯი) კიკოანზე ამ უდიდესმა მოაზროვნემ 19 წლის ასაკში იქორწინა. რამდენიმე ხანში წყვილს ვაჟი გაუჩნდა. შვილის დაბადების აღსანიშნავად თავის სახელგანთქმულ ქვეშევრდომს მბრძანებელმა ჩჟან-გუნმა საჩუქრად ცოცხალი კობრი გაუგზავნა, რაც თავის მხრივ, ძალიან დიდ პატივად იყო მიჩნეული ჩინეთში. ჩჟან-გუნის მიმართ თავისი მადლიერება კონფუციმ იმით გამოხატა, რომ თავის ახლადშობილ ვაჟს – ლი (დღეისათვის უფრო ცნობილია სახელით – ბო-იუი) დაარქვა, რაც კობრს აღნიშნავს. მოგვიანებით წყვილს გოგონაც შეეძინა. რამდენიმე ისტორიული წყარო გვამცნობს, რომ კონფუცის ოჯახმა ბედნიერება ვერ მოუტანა, რადგან ცოლ-ქმარი სულიერად ძალიან განსხვადებოდნენ ერთმანეთისაგან. ერთხელ ცოლზე გამწყრალ ფილოსოფოს უთქვამს კიდეც – „ყველაზე რთულია საქმე იქონიო ქალებთანო”. მიუხედავად ამისა, კონფუცი ცოლის სიკვდილმა მაინც ძალიან დაამწუხრა და ღრმად ჩააფიქრა სიკვდილზე, როგორც გარდაუვალ დასასრულზე. კიკოანის გარდაცვალებიდან მცირეოდენი დრო იყო გასული, როდესაც ფილოსოფოსს კიდევ ერთი დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. კონფუცის ვაჟი გარდაეცვალა… ამას თან დაერთო მისი უერთგულესი და საუკეთესო მოწაფის – იან იუანის გარდაცვალებაც. სასოწარკვეთილმა მოაზროვნემ კარგად გაათვითცნობიერა, რომ სიკვდილის რიგში ახლა უკვე თავად იყო ჩამდგარი.
სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფ მასწავლებელს, რომელიც სნეულებას სრულიად ჰყავდა შეპყრობილი, მოსწავლეებმა თხოვნით მიმართეს – ელოცა. ამ გზით ისინი მის გამოჯანმრთელებას ეცადნენ.
„ – უნდა გავაკეთო კი ეს? – იკითხა კონფუციმ.
- წესი გვავალდებულებს ასე მოვიქცეთ. – მიუგეს საპასუხოდ.
- მე უკვე ძალიან დიდი ხანია ვლოცულობ!” – მრავლისმეტყველად მიუგო ფილოსოფოსმა თავის შეგირდებს, რითაც ხაზი გასუვა იმას, რომ მთელი მისი ცხოვრება ზეციერის მსახურება იყო.
გარდა ამისა, სიცოცხლის დაისის ჟამს კონფუცი მოწაფეებთან იმაზეც წუხდა, რომ მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში არ მოიძებნა ერთი ისეთი მმართველი, რომელიც მის მოწაფეობას ისურვებდა.
ძვ.წ.აღ-ით 479 წელს შანდუნის პროვინციაში განთავსებულ ქალაქ ციუიფუში (ფილოსოფოსის მშობლიური ქალაქი) გარდაიცვალა სახელოვანი ჩინელი მოაზროვნე – კონფუცი. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ჩემი სიკვდილის შემდეგ ვინ აიღებს საკუთარ თავზე შრომას, გააგრძელოს ჩემი სწავლებები?” – (ავტორი გენია.ჯი)