მარკუს ვალერიუს მარციალის შესახებ…
„არასოდეს მოიპოვო ძალიან დიდი სიყვარული”-ო, – მრავლისმეტყველად წერდა თავის დროზე ეპიგრამების კლასიკოსად წოდებული დიდი ძველ რომაელი პოეტი – მარკუს ვალერიუს მარციალი (40-104 წლები). მისი სტრიქონები იმთავითვე ხოტბას ასხამდნენ „ძლიერთა ამა ქვეყნისათა”, მაამებლობასა და მეხოტბეობას იჩენდა იმპერატორ დომიციანეს მიმართ, რათა მისგან მოწყალება მიეღო. (ავტორი გენია.ჯი) იმპერატორმა სათანადოდ დააფასა ერთგული პოეტი და მას ტრიბუნობაც უბოძა. თუმცა, რომში ცხოვრების პერიოდში მარციალმა თავი მაინც ვერ იხსნა უკიდურესი სიდუხჭირისაგან. მისი ქოხის დამპალი სახურავი წვიმის წყალს ვერ იჭერდა, თვითონ ტოგის უქონლობის გამო კი ქუჩაში ვერ გამოდიოდა. ამიტომაც თქვა მოგვიანებით პოეტმა – „ის, ვინც ყველგან ცხოვრობს, არსად არ ცხოვრობსო”. მშობლიურ ქალაქ ბილბილისზე უზომოდ შეყვარებულმა მარკუსმა გრამატიკული და რიტორიკული განათლება ადგილობრივ სასწავლებელში მიიღო. 20 წლის ასაკში მარციალმა ესპანური ქალაქი დატოვა და გეზი „მარადიული ქალაქისაკენ” აიღო, სადაც შემდგომი 35 წლის განმავლობაში მოუხდა ცხოვრება. რომში იგი იურისპოდენციას დაეუფლა. დაუახლოვდა დომიციანეს, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ ნერვამ და ტრაიანემ არად ჩააგდო მისი მლიქვნელური მუზა, რამაც მასზე ძალიან დამთრგუნველად იმოქმედა. შედეგად, იმედგაცრუებული და უკიდურესად ღატაკი პოეტი იძულებული გახდა რომი დაეტოვებინა და მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულიყო. მაგრამ, მარციალს აქაც პრობლემა დახვდა წინ – მას მშობლიურ ბილბილისამდე სამგზავრო ფული არ ჰქონდა. საბოლოო ჯამში, მარკუსს სამგზავრო ფული სახელოვანმა ძველ რომაელმა მწერალმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ – პლინიუს უმცროსმა მისცა.
ლიტერატურული მოღვაწეობა მარციალმა ბილბილისშიც აქტიურად განაგრძო. იგი წერდა მცირე მოცულობის მქონე მახვილგონივრულ, იუმორისტულ და ხშირად სატირულ ეპიგრამებს. სხვათაშორის, სწორედ მარციალია ის ერთ-ერთი პირველი ლიტერატორი ოვიდიუსთან ერთად, რომელმაც თავის ნაწარმოებებში – ბიკინის საცვლები მოიხსენია. მარციალი არ ერიდებოდა თანამედროვე ცხოვრებაში დამკვიდრებული მანკიერებების მხილებას თავისი ეპიგრამების მეშვეობით. დასცინოდა უნიჭო პოეტებს და ამათრახებდა პლაგიატორებს. „არ შეუშინდეთ უკანასკნელი დღის დადგომის, მაგრამ, არც დააჩქაროთ მისი მოსვლა”-ო, – წერდა სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფი მარციალი. და მართლაც, მარციალს, რომელსაც მეტად უნებისყოფო და მლიქვნელ ადამიანად ახასიათებენ ბიოგრაფები, თავისი ცხოვრებით ნამდვილად არ დუჩქარებია თავისი სიკვდილი. მარკუს ვალერიუს მარციალი გარდაიცვალა 104 წელს მშობლიურ ქალაქ ბილბილისში. – (ავტორი გენია.ჯი)