ჟან-ჟაკ რუსო – „ბუნებას შეცდომები არ მოსდის!”
„ბუნებას ნებავს, მოზრდილებად გახდომამდე ბავშვები ბავშვებად დარჩნენ. უკეთუ განვიზრახავთ ასეთი ბუნებრივი ვითარების დამახინჯებას, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ ძალზე ადრეულ ნაყოფს მოვწყვეტთ, რაიც უმწიფარიც იქნება, უნდილიც და მალე გაფუჭდება კიდეც; ჩვენ გვეყოლება მეტისმეტად ნორჩი სწავლულები და ღრმად მოხუცებული ბალღები. ბავშვები ყველაფერს თავისებურად აღიქვამენ, განიცდიან და ხედავენ. ყველაზე დიდი უგუნურება ის არის, როცა ვაიძულებთ მათ ყველაფერი ჩვენსავით აღიქვან და ათი წლის ბავშვს მოვთხოვოთ იყოს უაღრესად გონებადამჯდარი; ეს იმას ემსგავსება, ვისურვოთ, იმთავითვე ხუთი ფუტის სიმაღლე რომ ჰქონდეს.
გონება მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იწყებს განვითარებას, როცა მისი სხეულიც ცოტა ძალ-ღონეს მოიცემს. მაშასადამე, ასეთია კიდეც ბუნების განზრახულობა: ჯერ უნდა განმტკიცდეს სხეული, ხოლო შემდეგ განვითარდეს გონება. ყველა ბიწიერება, რასაც ბუნებრივ მიდრეკილებებს მიაწერენ, სინამდვილეში ცუდი აღზრდის გამო ვითარდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ – „ბუნებას შეცდომები არ მოსდის!” – (ავტორი გენია.ჯი)