დავიდ ბენ-გურიონი – „ეპიზოდი”
„ლუკმა ჩემი შრომით უნდა ვჭამოო”, – ასე განაცხადა თავისი დიდებული პოლიტიკური კარიერის დასასრულში მყოფმა თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთმა ფუძემდებელმა და ქვეყნის ლეგენდად ქცეულმა პირველმა პრემიერ-მინისტრმა – დავიდ ბენ-გურიონმა (1886-1973 წლები). სახელმწიფოს ექს-მეთაურმა, რომლის შესახებაც დღემდე ამბობენ – „მხოლოდ ქვეყნისთვის იცხოვრაო”, ძალაუფლება სხვებს გადააბარა, თავად კი ნეგევის უდაბნოს მიაშურა და ყველას-და გასაკვირად, მუშაკაცად იქცა. ბენგურიონის ბიოგრაფები ყოველთვის შენიშნავდნენ, რომ სიონისტური მოძრაობის ლიდერი ფრიად განათლებული პიროვნება იყო. (ავტორი გენია.ჯი) ამ ინტელექტუალი პოლიტიკოსის ჰობს – წიგნის კითხვა წარმოადგენდა. დავიდს განსაკუთრებით ხელგამხმარი ესპანელი გენიოსის – მიგელ დე სერვანტეს საავედრას უკვდავი ქმნილება – „დონ კიხოტი” იტაცებდა და არაერთხელ ჰქონდა კიდეც წაკითხული. თუმცა მის უკიდეგანო სურვილს წარმოადგენდა, ორიგინალში, ესპანურ ენაზე წაეკითხა იგი. აკი იქადნიდა კიდეც, – „დედანში უცილობლად უნდა წავიკითხოო”. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ბენგურიონი სახელმწიფოს ისეთ ვითარებაში აყალიბებდა, როცა ისრაელი მტრებით იყო გარემოცული. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საქმეებით დაკავებულს თავისუფალი დრო თითქმის არ რჩებოდა. ამის ფონზე კი გასაოცარია, რომ ბენ-გურიონმა გამონახა დრო, შეისწავლა ესპანური ენა და ორიგინალში წაიკითხა თავისი საყვარელი ნაწარმოები – „დონ კიხოტი”. – (ავტორი გენია.ჯი)