ადამ მიცკევიჩი – „სიზმარი”

თუ უნებურად ბედმა გამთიშა

შენგან, ვინც მუდამ გულით მინდოდი,

სამარადისოდ ჩემგან წასვლისას,

მაინც ნუ მეტყვი სიტყვას – მშვიდობით!

* * *

დე, კიდევ ერთხელ ჩამოიღვაროს

სიტკბო ალერსში დაღვენთილ ღამის…

როს დაჰკრავს გაყრის ჟამი მწუხარე,

ჰქმენ მადლი! თასი ამივსე შხამით…

* * *

ან დამაწაფე შენს ტკბილ ბაგეებს,

ჩამძირე შენთა თვალთა გუგებში,

შენი სხეულის სიტკბო მაგემე -

სიკვდილისწინა დიდი ნუგეში…

* * *

მერმე კი, როცა მკვდრეთით აღვდგები,

ოდეს კვლავ ცხადის კარებს შევაღებ,

დატოვე ზენა, დამიდექ გვერდით,

კვლავ შენი ჯადო ხელი შემახე!

* * *

მომხვიე მკლავი, გულს ჩამიკარი,

ისევ მხურვალე კოცნით ამავსე,

რომ ვთქვა: რაც იყო, იყო სიზმარი,

და შენ ხარ ცხადი ამ ქვეყანაზე!

კომენტარის დატოვება