მარტინ ლუთერი – „ეპიზოდი”
„მარადიული ქალაქიდან” სამშობლოში დაბრუნებული გერმანელი ღვთისმეტყველი - მარტინ ლუთერი (1483-1546 წლები), უკიდურესად აღშფოთებული იყო იმით, რაც ცოდვის ჭაობში ჩაფლული რომის პაპის – ლეო მეათეს კარზე იხილა. (ავტორი გენია.ჯი) „მე მოწმე გავხდი ისეთი უმსგავსოებისა, რომ იმ დღიდან გადავწყვიტე მიმეძღვნა ჩემი ცხოვრება პაპობის განადგურებისათვის, სიცრუის ამოძირკვისათვის, რამაც შებილწა რელიგია მღვდელთა ანგარებისა და პაპთა უზნეობის გამო”. – წერდა „მარადიული ქალაქიდან” (სადაც ის დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა) ახლადდაბრუნებული ავგუსტიანელთა ორდენის ბერი. რომის პაპის მიერ გამოცემული ბულის საჯაროდ კოცონზე დაწვა პონტიფიკოსისადმი მტრულად განწყობილ ყოვლისშემძლე იმპერატორებსა და მეფეებსაც კი არ გაუბედავთ, სამაგიეროდ, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების რისკის ფასად, გაბედა მამაცმა – მარტინ ლუთერმა.
„მისმინეთ ხალხებო, მე მინდა გიჩვენოთ თქვენი მჩაგვრელის – პაპის ნამდვილი სახე. მე მოვსულვარ იესო ქრისტეს გულისათვის და მოგიწოდებთ: ნუ დაემორჩილებით პაპს, დანა ჩაკარით გულში, ჩათვალეთ მისი ყველა მიმდევარი ავაზაკად, მეფე იქნება თუ იმპერატორი. მე რომ იმპერიის მბრძანებელი ვიყო, ერთ კონად შევკრავდი პაპსა და მის კარდინალებს და ტიბრში გადავაგდებდი. დე, განიბანონ! წყალი მოარჩენს იმ ღორებს, სარგებლობას მოუტანს მათ ხორცს, სამარცხვინო სნეულებას რომ დაუწყლულებია. მე გეფიცებით ამას, დე მაცხოვარი იყოს ამისი მოწმე”. – ასეთი სიტყვით გამოვიდა მარტინი რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელისა და უმაღლესი სასულიერო პირების წინააღმდეგ. მალევე, ლუთერი რომის კათოლიკურმა ეკლესიამ შეაჩვენა და ანათემას გადასცა. „ისევე, როგორც ჩემს შრომებს წვავენ რომში, მეც ამ წყვდიადის მთავრის ბულებსა და დეკრეტალიებს ცეცხდლს ვაძლევ და ფიცით ვიხმობ ყველას დასახმარებლად, რათა იმავე კოცონში გადაისროლონ ლეო X, მისი სამოციქულო ტახტი და ყველა კარდინალიც მასთან ერთად”. – წარმოთქვა მარტინმა ეს სიტყვები და ცეცხლის დანთება ბრძანა. აღელვებული ხალხის თვალწინ კი, მოგიზგიზე კოცონში ლუთერმა პაპის ბულა მოისროლა, რითიც საფუძველი ჩაუყარა რეფორმაციას. იმ რეფორმაციას, რომელმაც უდიდესი კვალი დააჩნია ლუთერანულ და პროტესტანტულ ტრადიციულ დოქტრინებს. – (ავტორი გენია.ჯი)