ჩეზარე ბორჯიას შესახებ…
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბორჯიების წყეულმა ოჯახმა მკვლელობა სრულყოფილ ხელოვნებად აქცია. ამ ესპანურ-იტალიური დინასტიის წარმომადგენლების აღვირახსნილობამ და სისასტიკემ თავის პიკს რომის პაპის – ალექსანდრე VI-ს, იგივე – როდრიგო ბორჯიას პონტიფიკისობის ჟამს მიაღწია. (ავტორი გენია.ჯი) არასასურველი პირების გასანეიტრალებლად ალექსანდრე VI უმეტესწილად შხამს იყენებდა. მას ერთგულ ქვეშევრდომობას უწევდა ქიმიკოსი, რომელიც შხამების დამზადების დიდოსტატი იყო. რომის პაპის მიერ სპეციალურად აყვანილმა ქიმიკოსმა როდრიგოს ბრძანებით შხამების მთელი არსენალი შექმნა. შხამებს ბორჯიებიდან განსაკუთრებით ხშირად იყენებდნენ – ალექსანდრე VI, მისი ვაჟიშვილი – ჩეზარე და ქალიშვილი – ლუკრეცია. სამი ბოროტი სული ბორჯიების საგვარეულოდან. ამ ადამიანებს თანამზრახველობას უწევდნენ „სბირები”, ხალხი, რომლებსაც ქუჩაში გავლისას გარკვეული პიროვნებისათვის შხამით გაჯერებული ნემსი უნდა ეჩხვლიტა. ალექსანდრეს ქიმიკოსმა დროთა განმავლობაში იმდენად დახვეწა თავისი ხელოვნება, რომ მის მიერ დამზადებული შხამის ერთი წვეთი ანაზდეულად კლავდა ღონიერ ხარს. შხამების დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტები (მათ შორის – სხვადასხვა სახეობის შხამიანი მცენარეები) ადრესატთან უცხო ქვეყნებიდან იგზავნებოდა. და რადგანაც მათ შეტანას ქვეყანაში უშუალოდ ალექსანდრე მფარველობდა, ქიმიკოსი უსაქმოდ არასოდეს დარჩენილა. ალექსანდრეს ვაჟი – ჩეზარე ბორჯია (1475-1507 წლები), რომელსაც არაერთი მლიქვნელური ხოტბა უძღვნა ისეთმა გენიალურმა იტალიელმა პოლიტიკურმა მოაზროვნემ, როგორიც ნიკოლო მაკიაველი იყო, იმდენად გაიწაფა შხამით მოწამლული დანით ვაშლის ან ატმის გაჭრაში, რომ შეეძლო მისი ნახევარი თვითონ ყოველგვარი რისკის გარეშე შეეჭამა, და ეს მაშინ, როდესაც მისი სტუმარი, რომელსაც მეორე ნახევარს აძლევდა, იღუპებოდა. „ბორჯიების ღვინო” ცნობილი იყო იმ თვისებით, რომ მისი მოქმედება საგრძნობი ხდებოდა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ: ადამიანს უცვივდებოდა კბილები, თმა, ძვრებოდა ტყავი, რასაც თან სდევდა ხანგრძლივი და საშინელი აგონია.
„ყველას ესმის, რაოდენ სასახელოა ხელმწიფისთვის, რომ შეინარჩუნოს ერთგულება, სიმტკიცე, იმოქმედოს სამართლიანად, ვერაგობის გარეშე, მაგრამ ჩვენი დროის გამოცდილება გვარწმუნებს, რომ მხოლოდ იმ ხელმწიფეებს გამოსდით დიდი საქმეები, რომლებიც სიტყვას ტეხენ, მოხერხებულად ატყუებენ სხვებს და ჯობნიან ყველას, ვინც მათ ენდობა”. – ამ სიტყვებით ცდილობდა თავის დროზე დაწერილ „ხელისუფალში” მაკიაველი ტირანი ჩეზარეს გამართლებას, რაც საბოლოო ჯამში, ძლიერ ინანა მოგვიანებით. (ავტორი გენია.ჯი) ბოროტების სინონიმად ქცეული ბორჯიების გვარის წარმომადგენელ ჩეზარეს ჰქონდა ძალიან საინტერესო ბეჭედი, რომელსაც გარეგნულად კრიალა ფოლადისაგან დამზადებული ლომის ორი ბრჭყალი ამშვენებდა. ლომის ბრჭყალები ბეჭედს შიდა მხარეს ჰქონდა შეუმჩნელვლად მოქცეული, რომლებიც თავის მხრივ, ადამიანს იმ დროს ჩაესობოდა ხოლმე, როდესაც ჩეზარე მას ხელს ჩამოართმევდა. ლომის ბრჭყალებს ორი ღრმა ნასვრეტი გააჩნდა და შხამიც სწორედ ამ ორი ნასვრეტიდან გამოდიოდა. ცნობილია ისიც, რომ ჩეზარეს დის – ლუკრეციას გარდერობში, თავისი ძმისგან განსხვავებით, ინახებოდა „საიქიოს გასაღებად” წოდებული სპეციალური გასაღები. ის გასაღები, რომელში ჩამალულ შხამსაც ამ უზნეო ქალის მრავალი საყვარელი ემსხვერპლა.
იმისათვის, რომ სრულყოფილად გავეცნოთ ჩეზარე ბორჯიას პიროვნებას, საკმარისია გავეცნოთ სახელგანთქმული ფრანგი ისტორიკოსისა და დრამატურგის – პოლ დე სენტ-ვიქტორის მიერ გაკეთებულ შემდეგ ჩანაწერს:
„ისტორიკოსი, რაც შეიძლება გულგრილად უნდა მივიდეს მასთან. განა ნატურალისტი შიშის ზარითაა მოცული, როცა გარეულ მხეცს აღწერს? ზუსტად ასეთი მხეცი იყო ჩეზარე ბორჯია, ვალენტის ჰერცოგი, არსება, ბოროტებისთვის დაბადებული, ისევე უცხო ადამიანური მორალისათვის, როგორც სხვა პლანეტის მცხოვრები – დედამიწის ფიზიკური კანონების მიმართ, დიდი დამნაშავეები, რომელთაც ქვეყნიერება შეაძრწუნეს თავიანთი სასტიკი ბოროტმოქმედებებით, ცოტა ხნით მაინც ხომ განიცდიდნენ სინდისის ქენჯნას! მაინც ხომ დგებოდა წუთები, როცა მათ სულიერი შეშფოთების განცდა ეუფლებოდათ, და შეძრწუნებულნი მიიხედავდნენ უკან!
ახალგაზრდობაში ნერონი ჯერ კიდევ ინარჩუნებს ადამიანის სახეს. ივანე მრისხანე, შვილი რომ მოკლა, კრემლში ჩაიკეტა და საკუთარი თავის წამებას მოჰყვა. ალექსანდრე VI შვილისათვის უცხოა ყოველგვარი ეჭვი, მას გულწრფელად სჯერა, რომ კანონებზე მაღლა დგას. მისმა ვნებებმა არ იცოდნენ მიჯნა, მისი სისასტიკე უსაზღვრო იყო. ისე ცხოვრობდა, როგორც ვეფხვი ჯუნგლებში. ამ კაცში ყველაფერი ვეფხვისაა – შეტევა, ძალა, მოქნილობა. საშინელი გრაციაა, მოძრაობის ელვისებურება და ნახტომის სისწრაფე. მსგავსად ვეფხვისა, ისიც მონაა თავისი ინსტიქტებისა. სისხლი იყო მისი სტიქია, რომელშიაც თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში”. – (ავტორი გენია.ჯი)