ეკატერინე გაბაშვილი – „ეპიზოდი”
1905 წლის 10 აპრილს ქართულენოვან გაზეთ „მოგზაურში” გამოქვეყნებული იქნა „ქართველთა უგვირგვინო მეფედ” წოდებული – ილია ჭავჭავაძის ღირსების შემლახავი ამაზრზენი სტატია, სახელწოდებით – „ნუთუ”, რომლის ავტორიც გახლდათ ვინმე, – ვასილ ნაცვლიშვილი. (ავტორი გენია.ჯი) საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ, ცილისწამებასა და გაუგონარ სიცრუეზე აგებული პასკვილი უცვლელად იქნა გადაბეჭდილი ილიას შვილობილ გაზეთში „ივერია” (იმ პერიოდში გაზეთს – ფილიპე გოგიჩაიშვილი რედაქტორობდა). „ივერიის” დაუფიქრებელმა ნაბიჯმა დიდი აღშფოთება და ვნებათა ღელვა გამოიწვია საზოგადოებაში. სხვათა მსგავსად, ილიას დასაცავად ხმა აღიმაღლა „მაგდანას ლურჯას” ავტორმა, დიდმა ქართველმა მწერალმა ქალმა – ეკატერინე გაბაშვილმაც (1851-1938 წლები), რომელმაც გაზეთის რედაქტორს თავისი უკიდურესი აღშფოთება შემდეგი შინაარსის მქონე წერილით აცნობა :
„ბატონო რედაქტორო!
ეს არის ეხლა წავიკითხე „ივერიაში” ცნობა ილია ჭავჭავაძეზე და ისე ავღშფოთდი, რომ არ შემიძლიან ჩემი გულითადი წყრომა არ გამოგიცხადოთ!
ნუთუ ილია ჭავჭავაძე, ის ილია, რომელიც მთელი ორმოცდაათი წელიწადი ქართველი ხალხის სამკაულად ითვლებოდა, ღირსი არ იყო თქვენგნით პირადად გენახათ, შეგეტყოთ ყოველივე და შემდეგ გენებებინათ თავზე ლაფის დასხმა.
ავტორიტეტების დასამხობად განა უმადურობა უნდა ვიხმაროთ? განა წასულ ღვაწლს იმდენი ფასი არა აქვს, რომ ჟურნალისტის სისასტიკე ოდნავად მაინც შეასუსტოს და ავადმყოფს მგოსანს თავზარი არ დასცეს? არ შელახოს ის სიწმინდე, რომელიც ხელშეუხებელი უნდა იყვეს, მეტადრე ახლა, როდესაც ერთი კაცი არა გვყავს, რომ ხმა ამოიღოს… მაგრამ დეე თვით თქვენმა საქციელმა და მისმა შედეგმა გაგცეთ პასუხი”.
რამდენიმე ხანში სასიქადულო ქართველ მწერალ ქალს – „ივერიის” რედაქციამ ცინიზმით აღსავსე პასუხი გასცა:
.„თქვენს „გულითად წყრომას” ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ვერც თქვენს „დარიგებას” გამოვიყენებთ რამეში.
ეტყობა, აღელვებას ნება არ მოუცია თქვენთვის, დაბეჭდილი ხეირიანად წაგეკითხათ, თორემ გაიგებდით, რომ ის წერილი თავადი ილია ჭავჭავაძის შესახებ სხვა გაზეთიდან არის ამოღებული და ჩვენ ჩვენი მხრით დაუჯერებლად ვთვლით და ილიასაგან პასუხსა და განმარტებას ველით.
უთქვენოდაც ვიცით, რომ „ჩვენს საქციელზე” პასუხს ჩვენვე ვაგებთ, ისიც ვიცით, რომ ილია ჭავჭავაძეს თქვენი ადვოკატობა არ ესაჭიროება…
ეს იკმარეთ თქვენი წერილის პასუხად და შემდეგშიაც გაგვათავისუფლეთ თქვენი „ნატაციებისაგან”. – (ავტორი გენია.ჯი)