ვიოლინო – „ეშმაკის ინსტრუმენტი”

„ორკესტრის დედოფლად” წოდებული ხემიან-მუსიკალური საკრავის – ვიოლინოს შესახებ უამრავი ლეგენდაა გავრცელებული. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ეს ჯადოსნური ჟღერადობის მქონე მუსიკალური ინსტრუმენტი იმთავითვე ასოცირდებოდა ეშმაკთან და ბნელ ძალებთან. (ავტორი გენია.ჯი) რიგ ევროპულ ქვეყნებში დარწმუნებულნი იყვნენ, რომ პირველი ვიოლინო დამზადებული იქნა თვით წყვდიადის მბრძანებლის – სატანას მიერ. ძველი გადმოცემის თანახმად, სატანას დედამიწაზე ერთი ულამაზესი გოგონა შეუყვარდა და იმისათვის, რომ იგი როგორმე ხელში ჩაეგდო, ზღაპრული სიმდიდრე შეაძლია. მიუხედავად მაცდური წინადადებისა, სატრფომ „ალიონის ბიჭს” შეთავაზებულ წინადადებაზე მაინც უარი უთხრა. შედეგად, გოგონაზე განრისხებულმა სატანამ იგი ვიოლინოდ აქცია. ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ ჰგავს ვიოლინოს ფორმა ქალის სხეულის მოყვანილობას, ხოლო მისი ჟღერადობა  კი განწირული ქალის ტირილსო. გარდა ამ თქმულებისა, ასევე ევროპაში გავრცელებული იყო სხვა პოპულარული თქმულებაც. ეს გახლდათ ისტორია წითელი ვიოლინოს შესახებ. გადმოცემის თანახმად, ოსტატს ვიოლინოზე წასასმელი ლაქისთვის საყვარელი მეუღლის სისხლი შეურევია, რის შემდგომაც მასში ქალის სული ჩასახლებულა. მუსიკალურ ინსტრუმენტში ჩასახლებული გაბოროტებული ქალის სული კი, თავის მხრივ, შურს იძიებდა ყველა იმათზე, ვინც წითელ ვიოლინოზე დაკვრას გაბედავდა. ასეთი სახის მქონე ლეგენდები გახდა სათავე იმისა, რომ ადრეული პერიოდების მხატვრები ხშირად გამოსახავდნენ ეშმაკს ვიოლინოთი ხელში.

გარდა ლეგენდებისა და მითებისა, ვიოლინოსთან ერთობ უჩვეულო რეალური ისტორიებიც არის დაკავშირებული. მაგალითად, XVIII საუკუნის ვირტუოზი იტალიელი მევიოლინე და კომპოზიტორი – ჯუზეპე ტარტინი წერდა: „ერთხელ, 1731 წელს დამესიზმრა, რომ სული ეშმაკს მივყიდე. ამის შემდგომ, ყველაფერი ისე აეწყო, როგორც მე მსურდა – ახალი მოსამსახურე (ეშმაკი) მზად იყო, ჩემი ყველა წადილი დაუყონებლივ აღესრულებინა. რამდენიმე ხანში ახალ მსახურს ჩემი ვიოლინო გავუწოდე, მაინტერესებდა თუ შესძლებდა მასზედ დაკვრას. ენით ვერ გადმოვცემ, თუ რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოგნება, როდესაც მან ზღაპრული ოსტატობითა და განუმეორებელი ხელოვნებით შეასრულა ვიოლინოზე ჩემთვის უცნობი უმშვენიერესი სონატა. მისმა მუსიკალურმა შესაძლებლობებმა ისე მომაჯადოვა, რომ სუნთქვაც კი შემეკვრა და აი, სწორედ ამ დროს გამომეღვიძა. გამომეღვიძა თუ არა, ხელში უმალვე ვიოლინო ავიღე, რათა ზუსტად ისევე შემესრულებინა სიზმარში მოსმენილი სონატა, როგორც ის ჩემმა სიზმრისეულმა მსახურმა შეასრულა, თუმცა – უშედეგოდ. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა, რომელიც მაშინ დავწერე („ეშმაკის სონატა”), ჩემი შემოქმედების საუკეთესო ქმნილებად არის მიჩნეული, მე მას მაინც ვერას გზით ვერ შევადარებ სიზმრად მოსმენილ გასაოცარ მუსიკალურ ნაწარმოებს. ჩემზე იმდენად დიდი გავლენა იქონია მომხადრმა ფაქტმა, რომ ვიოლინო დავამსხვრიე. კიდევ ერთხელ რომ მომასმენინა ის სიზმრისეული სონატა, ვფიცავ, რომ სამუდამოდ გამოვემშვიდობები მუსიკას”…

საყურადღებოა ისიც, რომ დიდი ხნის განმავლობაში არა მხოლოდ ვიოლინო ასოცირდებოდა ეშმაკთან და ბნელ ძალებთან, არამედ ის მუსიკოსები და ოსტატებიც, რომლებიც ამ დიდებულ მუსიკალურ ინსტრუმენტს ამზადებდნენ და მასზე ფლობდნენ დაკვრის ხლოვნებას. ამის ნათელი მაგალითია გენიალური იტალიელი მევიოლინე – ნიკოლო პაგანინი, ანტონიო სტრადივარიუსი და ჯუზეპე გვარნერი. გენიოსები, რომლებსაც თავის დროზე სატანასა და ბნელ ძალებთან კავშირში ბრალდების გამო სიცოცხლე გაუმწარეს. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ვიოლინოს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც – „ეშმაკის ინსტრუმენტი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>