ჯორდანო ფილიპო ბრუნო – (ნაწილი I)
დღეისათვის, დიდი იტალიელი ასტრონომის, ასტროლოგისა და ფილოსოფოსის – ჯორდანო ფილიპო ბრუნოს (1548-1600 წლები) სულ რაღაც ორიოდე პორტრეტია შემორჩენილი, და ისინიც მის ახალგაზრდულ წლებში დახატეს. შესაბამისად, თუკი ამ პრინციპული იტალიელის ბიოგრაფიას კარგად არ ვიცნობთ, შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ იგი ახალგაზრდულ ასაკში გამოათხოვეს წუთისოფელს. თუმცა, აუტოდაფეზე აყვანილი მეცნიერი გარდაცვალების დღეს – 52 წლის ასაკში იმყოფებოდა. იმ პერიოდში კი, როგორც მოგეხსენებათ, ნოლაელი სწავლულის ასაკს მიღწეული ადამიანი ხანშიშესულად მიიჩნეოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიზეზი რომის კათოლიკური ეკლესიის წიაღში უნდა ვეძიოთ, რადგან ბრუნოს შემდგომ ასაკში დახატული აბსოლუტურად ყველა პორტრეტი სწორედ რომ კათოლიკური ეკლესიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე იქნა განადგურებული.
ნოლას სკოლაში სწავლის პერიოდში ფილიპომ თავი იმთავითვე წარმოაჩინა, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო მოსწავლემ. ბრუნოს მამას – ჯოვანის, რომელიც რიგით ჯარისკაცად მსახურობდა არმიაში, ხელფასის სახით წელიწადში საშუალოდ, 60 დუკატი ეძლეოდა, რაც ძალიან მიზერული თანხა იყო (ქალაქის რიგითი ჩინოვნიკები ხელფასის სახით, წლიურად, საშუალოდ, – 200-300 დუკატს იღებდნენ). შესაბამისად, ცხადი იყო, რომ უსახსრობის გამო, ბეჯითი ყმაწვილისათვის უნივერსიტეტის კარი დახშული იყო. მოზარდს ერთადერთ ვარიანტად ისღა დარჩენოდა, რომ თავისი თავი სასულიერო ცხოვრებისათვის მიეძღვნა, რადგან საეკლესიო დაწესებულებებში სწავლა უფასო იყო. 1559 წელს, 11 წლის ასაკში მყოფი ფილიპო ბრუნო მშობლებმა ნეაპოლში განთავსებულ წმინდა დომინიკის მონასტერში მიაბარეს. მონასტერში ცხოვრების ჟამს მოზარდი დაკავდა ლოგიკის, ღვთისმეტყველების, ასტრონომიისა და სხვა მეცნიერებების ძირფესვიანი შესწავლით. 1565 წელს ფილიპო ბერად აკურთხეს, რის შემდგომაც მან სახელად მიიღო – ჯორდანო (მდინარე იორდანეს იტალიური სახელწოდება, სადაც მოინათლა ქრიუსტე).
შვიდი წლის გასვლის შემდგომ ჯორდანო იერარქიულად წინ წაიწია, რამაც ძილი დაურთხო მის მტრებს. დაიწყო მისი მასიური დასმენა მონასტრის წინამძღვართან. ბრალს სდებდნენ ერესსა და ეკლესიის მიერ აკრძალული ლიტერატურის კითხვაში. გარდა ამისა, ამხილეს, რომ მან თავისი კელიიდან გაიტანა ყველა ხატი გარდა- ჯვარცმის ხატისა. (ავტორი გენია.ჯი) მასიურმა დასმენებმა ჯორდანოს მიმართ უკიდურესად უარყოფითად განაწყო მონასტრის წინამძღვარი. გონიერმა ახალგაზრდამ მოსალოდნელ მსჯავრს თავი მონასტრიდან გაქცევით აარიდა. იგი ჯერ რომში ჩავიდა, ხოლო შემდეგ საზღვარგარეთ გაემგზავრა. ევროპაში ცხოვრების ჟამს, ბრუნო ლექციებს კითხულობდა ოქსფორდსა და სორბონაში. ამავე დროს მან დაიცვა ორი დისერტაცია. რამდენიმე ნაშრომი მიუძღვნა მეხსიერების განვითარებას. ამტკიცებენ იმასაც, რომ ამ ერუდიტ კაცს ზუსტად ახსოვდა ათასზე მეტი წიგნი. მათ შორის – ბიბლია და რიგი არაბი ფილოსოფოსების ნაშრომები.
1581 წლის ერთ მშვენიერ დღეს, ჯორდანო ბრუნოს მიერ ჩატარებულ ლექციას თვით საფრანგეთის მეფე – ანრი III დე ვალუა დაესწრო. მონარქი გააოგნა იტალიელი სწავლულის დიდმა ინტელექტმა და განუმეორებელმა მეხსიერებამ, რის გამოც იგი სამეფო კარზე იქნა მიწვეული. საფრანგეთის სამეფო კარზე ჯორდანოს მშვიდი ცხოვრება მცირეოდენი ხნით გაგრძელდა. რამდენიმე ხანში, არისტოტელეს ნაშრომების თაობაზე მას კონფლიქტი მოუხდა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის გავლენიან წევრებთან, რამაც იგი აიძულა ქვეყანა დაეტოვებინა… – (ავტორი გენია.ჯი)