იულიუს III – „ეპიზოდი”
რამდენიმე ისტორიული წყარო გვამცნობს, რომ რომის კათოლიკური ეკლესიის რიგით 221-ე საჭეთმპყრობელი - იულიუს III (1487-1555 წლები), არა მხოლოდ დიდი გურმანი, არამედ გაუმაძღრობით გამორჩეული პიროვნებაც გახლდათო. ალკოჰოლური სასმელების მოტრფიალე პონტიფიკოსი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა კერძების შერჩევას. (ავტორი გენია.ჯი) ამბობენ იმასაც, რომ იულიუსს ყველა სხვა კერძებთან შედარებით განსაკუთრებით უყვარდა მოხრაკული ღორის ბარკალი და მოხრაკული ფარშავანგი. მეტისმეტმა ჭამამ პონტიფიკოსს, როგორც ჩანს, ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა, რის გამოც ექიმებმა მზარეულებს ურჩიეს, რომ პაპი მკაცრ დიეტაზე დაესვათ. მომდევნო დღეს იულიუსმა, რომ სუფრაზე მისი საყვარელი კერძები ვერ დაინახა, განრისხებულმა სასახლის მაჟორდორმს დაუძახა და უბრძანა დაუყონებლივ შეეწვათ ფარშავანგი. ამასთან ჩამოხრჩობით დაემუქრა, თუ მის სურვილს ახლავე არ შეასრულებდნენ.
მაჟორდომის წასვლის შემდეგ იულიუსს მისმა უახლოესმა მეგობარმა, ერთ დროს მაიმუნების დარაჯმა, – ინოკენტიმ დაუწყო დაშოშმინება, ყოველგვარი წვრილმანისათვის კი არ უნდა აიტეხოთ აუტეხელიო, რაზეც აღშფოთებულ პონტიფიკოს შეუძახია: „არა, წვრილმანი არ არის. თუ ღმერთი ვაშლისათვის განრისხდა, მე, მის მოადგილეს, სულაც არ მეძრახვის, რომ ფარშავანგის გულისათვის გავცხარდე. განა შეიძლება ფარშავანგის შედარება უბრალო ვაშლთან?” – (ავტორი გენია.ჯი)