ფრედერიკ შოპენი – „ეპიზოდი”
სულ რაღაც 39 წლის ასაკში გარდაცვლილ გენიალურ პოლონელ კომპოზიტორსა და პიანისტს – ფრედერიკ შოპენს (1810-1849 წლები) ფილტვების დაავადების გარდა (რამაც იგი საბოლოო ჯამში, იმსხვერპლა კიდეც), ეპილეფსიის ერთ-ერთი ურთულესი ფორმაც სტანჯავდა. (ავტორი გენია.ჯი) დიდი კომპოზიტორის ბიოგრაფები გვამცნობენ, რომ ფრედერიკს ხშირად ემართებოდა ჰალუცინაციები, რასაც თან ერთვოდა მოჩვენებების ხილვა. ამ დროს მის წინაშე ჩნდებოდნენ სახელოვანი მუსიკოსის წინაპრებისა და გარდაცვლილი მეგობრების აჩრდილები. გარდა ამისა, შოპენს ეჩვენებოდა ზებუნებრივი არსებებიც, რომლებიც გამუდმებით ემუქრებოდნენ მას. 1848 წელს, ერთ-ერთი კონცერტის მიმდინარებისას, პიანისტმა მოულოდნელად ფორტეპიანოზე „სონატა 2 სი-ბემოლ მინორის” დაკვრა შეწყვიტა და სცენა დატოვა. რამდენიმე ხანში შოპენი სცენას დაუბრუნდა და ისე რომ, კონცერტზე დამსწრე, გაკვირვებული პუბლიკისთვის არაფერი უთქვამს, კვალაც დაკვრა განაგრძო. მოგვიანებით, აღნიშნული ფაქტის შესახებ კომპოზიტორმა აღიარა, ფორტეპიანოზე დაკვრა იმის გამო შევწყვიტე, რომ კლავიშებზე „წყეული ურჩხულები” დავინახეო. ის ურჩხულები, რომლებიც მას წინა ღამითათ უხილავს. პაუზა კი იმიტომ აუღია, რომ – საღ გონებაზე დაბრუნებულიყო…
სხვა მრავალთა მსგავსად, ფრედერიკის ჰალუცინაციურ შეტევებს ადასტურებდა პიანისტის უახლოესი მეგობარი, შესანიშნავი ფრანგი მწერალი ქალი – ჟორჟ სანდიც. იგი იგონებდა რამდენიმე ისეთ შემთხვევას, როცა საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ მოექცა შოპენი მოჩვენებების ტყვეობაში. ერთხელ ჟორჟ სანდი და ფრედერიკი მონასტერს ეწვივნენ, რა დროსაც კომპოზიტორს ვიზუალური ჰალუცინაციები დაეწყო. იგი სასოწარკვეთილი გაიძახოდა, რომ მონასტერი გადავსებული იყო მოჩვენებებით.
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ შოპენის ჰალუცინაციები ფსიქიკური აშლილობის (შიზოფრენიის) შედეგად კი არ ყოფილა გამოწვეული, არამედ პერიოდული ეპილეფსიის შედეგად. – (ავტორი გენია.ჯი)