ბლეზ პასკალი – „ეპიზოდი”
„ფრანგ არქიმედედ” წოდებული – ბლეზ პასკალი (1623-1662 წლები), იმთავითვე მკაცრად იცავდა რელიგიურ პრინციპებს, რის გამოც ასკეტურ ცხოვრებას ანიჭებდა უპირატესობას. (ავტორი გენია.ჯი) ამ კეთილშობილმა კაცმა უარი განაცხადა მატერიალურ კეთილდღეობაზე, ფუფუნებასა და კომფორტზე. ამიტომაც გააჩნდა გენიალურ ფრანგ მეცნიერს ღარიბული საცხოვრებელი ბინა, მოკრძალებული – ტანისამოსი და მწირი – სუფრა. გარდა ამისა, პასკალი თავის თავს უფლებას არ აძლევდა გემრიელი კერძებით ან ხილით დანაყრებულიყო. არ სვამდა არც ჩაის და არც ყავას. და ეს ყველაფერი იმ დროს, როდესაც დიდი სწავლულის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობისათვის აუცილებელი რამ იყო. მიუხედავად ამისა, პასკალი კვლავაც აქტიურად განაგრძობდა გაჭირვებული ადამიანების გულისხმიერ და უანგარო დახმარებას. ამბობენ იმასაც, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მისი ცხოვრება წმინდანის ცხოვრებასაც კი დაემსგავსაო. იგრძნო თუ არა პასკალმა სიკვდილის მოახლოება, კიდევ უფრო მასიურად დაიწყო მან ადამიანებისატვის სიკეთის გაკეთება. „საიდუმლოდ გაკეთებული კეთილი საქმე ყველაზე ძვირფასი საქმე არისო”, – ხშირად იმეორებდა ფრანგი მეცნიერი და თავადაც საიდუმლოდ აკეთებდა კეთილ საქმეებს. (ავტორი გენია.ჯი) 1662 წლის იანვარში ბლეზმა პარიზში საფუძველი ჩაუყარა საზოგადოებრივ მოძრაობას, სახელწოდებით – „კარეტა ხუთ სუდ”, რომელმაც თავის მხრივ, დასაბამი დაუდო საზოგადოებრივ ტრანსპორტს. შემოსულ თანხებს პასკალი უხვად უგზავნიდა ამა თუ იმ ქალაქში მაცხოვრებელ შიმშილის ზღვარზე მყოფ ოჯახებს. გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე, დიდმა ფრანგმა სწავლულმა ერთი უსახლკარო ოჯახი შეიფარა თავის ბინაზე. მალევე პასკალს ციებ-ცხელება შეეყარა და იმისათვის, რომ მასთან შეფარებული ბავშვები არ დაეავადებინა, ისინი კი არ გაისტუმრა სახლიდან, არამედ თავად გადავიდა საცხოვრებლად მეგობართან. 1662 წლის 19 აგვისტოს, 39 წლის ასაკში, თავისი სულგრძელობითა და კეთილშობილებით სახელმოხვეჭილი გენიალური მეცნიერი – ბლეზ პასკალი ამიერს გამოეთხოვა. – (ავტორი გენია.ჯი)