„მიუნხენის კონფერენცია” – (ეპიზოდი)
1938 წლის 29 სექტემბერს, გერმანიის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქ მიუნხენში გამართული იქნა კონფერენცია, რომელსაც ოთხი ქვეყნის პირველი პირი დაესწრო: ადოლფ ჰიტლერი (გერმანია), ბენიტო მუსოლინი (იტალია), ნევილ ჩემბერლენი (დიდი ბრიტანეთი) და ედუარდ დალადიე (საფრანგეთი). საყურადღებო ფაქტია, რომ ჰიტლერის მოიმედე ჩემბერლენმა საბჭოთა კავშირი მიუნხენის კონფერენციის მონაწილეთა სიიდან პირადად ამოშალა. ამ უმნიშვნელოვანეს კონფერენციაზე წყდებოდა არა მხოლოდ გასაუბედურებლად შემზადებული ჩეხოსლოვაკიის, არამედ ევროპის ბედიც კი. (ავტორი გენია.ჯი) კონფერენციის წინა დღეებში ავი ენები იმასაც ამბობდნენ, რომ მიუნხენში „ქირურგები” ჩეხოსლოვაკიის სხეულის აკუწვას იწყებენო, რაც ახლოს იდგა სიმართლესთან. მას შემდეგ, რაც ლონდონში ჩეხოსლოვაკიის დესპანის – იან მასარიკისათვის ცნობილი გახდა მიუნხენში კონფერენციის ჩატარების ამბავი, გაკვირვებულმა იმით, რომ მასში მონაწილეობისათვის არც ერთი ჩეხი სახელმწიფო მოხელე არ მიუწვევიათ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს უთხრა – „ამ კონფერენციაზე ხომ ჩემი ქვეყნის ბედ-იღბალი უნდა გადაწყდეს, თქვენ კი, მგონი, ჩვენს მოწვევას სულაც არ ფიქრობთო”, – რაზეც საპასუხოდ მიუგეს, რომ კონფერენციას მხოლოდ „ძლიერნი ამა ქვეყნისანი” დაესწრებიანო. კონფერენციაზე ჩეხოსლოვაკია ინგლისელმა ჩემბერლენმა ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე დაუთმო ნაცისტურ გერმანიას, ასეთივე ნაბიჯი გადადგა საფრანგეთის პრემიერმაც, თუმცა ჩემბერლენისაგან განსხვავებით, იგი სინდისმა მაინც შეაწუხა, როცა კონფერენციის დასრულების შედგეგ განაცხადა, რომ „მოსაცდელში” მომლოდინე ჩეხებს, რომელთა სამშობლოს ბედიც მათ გარეშე, უკიდურესი დამცირების ფონზე გადაწყვიტეს, თვალს ვერ გავუსწორებო. დალადიემ რომ თავი დამნაშავედ იგრძნო, ეს მის შემდგომ სიტყვებშიც კარგად ჩანს – „მიუნხენის კონფერენციის დასრულების შემდეგ, ჩემი თავი იუდა მეგონაო”. ცივილიზებული სამყაროს მიერ ორ შაურად გაყიდული ჩეხოსლოვაკიის ელჩმა დიდ ბრიტანეთში – იან მასარიკმა, რომელიც გასაოცარი მოთმინებით ელოდა მოსაცდელში მიუნხენის კონფერენციის საბოლოო შედეგს, როდესაც გაიგო, რომ მისი სამშობლო „მყიფე მშვიდობის” სანაცვლოდ, დიდსულოვნად დაუთმეს პირსისხლიან გერმანელ ჯალათებს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივანს მიუბრუნდა და ერთობ მრავლისმეტყველად უთხრა: „თუ თქვენ ჩემს ერს მსოფლიოში მშვიდობის დაცვის საქმეს სწირავთ, ტაშს მე პირველი დაგიკრავთ, თუ არა და, ღმერთი იყოს თქვენი განმკითხავი. თუ ეს ყველაფერი განხორციელდა, მარტო ჩვენ კი არა, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთსაც არ დაადგება კარგი დღე. ჩვენ ხომ სულით ხორცამდე გვყიდით, მაგრამ თქვენს უშიშროებასაც რომ ძირს უთხრით?!” – რადენიმე ხანში მასარიკის ნაწინასწარმეტყველები სიტყვები რეალობად იქცა. – (ავტორი გენია.ჯი)