ანტონ ვან დეიკი – „მთვრალი სილენოსი”
„მთვრალი სილენოსი” – წარმოადგენს დიდებული ნიდერლანდელი მხატვრისა და გრაფიკოსის - ანტონ ვან დეიკის (1599-1641 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ მითოლოგიური ჟანრის მქონე შესანიშნავ სურათს. (ავტორი გენია.ჯი) ტილოს სიმაღლე 107 სანტიმეტრია, ხოლო სიგანე – 91,5 სანტიმეტრი. ხელოვანმა მასზედ მუშაობა 1620 წელს დაიწყო და იმავე წელს დაასრულა. საინტერესოა ის გარემოება, რომ ეს უნიკალური სინატიფით შესრულებული სურათი ავტორმა სულ რაღაც 19 წლის ასაკში ყოფნის ჟამს დახატა, რაც მის უკიდეგანო შემოქმედბით შესაძლებლობებზე მეტყველებს. იმ პერიოდში ვან დეიკი ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მოღვაწეობდა გენიალური ნიდერლანდელი ფერმწერის – პეტერ პაულ რუბენსის სახელოსნოში. ისევე როგორც თემა, მხატვარმა სიუჟეტიც თავისი მასწავლებლის – რუბენსის მიერ 1618 წელს დახატული სურათისაგან – „მთვრალი სილენოსი” აიღო. თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც აღნიშნული სურათის დახატვა ვან დეიკს სხვა ნიდერლანდელი მხატვრის – ფრანს სნეიდერსის შემოქმედებამ შთააგონა.
ტილოს სიუჟეტის მთავარ მოქმედ გმირად სილენოსი იქნა შერჩეული. თავის მხრივ, ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სილენოსი წარმოადგენდა ბახუსის შთამომავალ დემონს. ავტორმა მითიური სილენოსი და მისი თანმხლები სატირები რაღაც ამორფული, არამიწიერი სახით კი არ წარმოადგინა სურათზე, არამედ ჩვეულებრივი, მოკვდავი ადამიანების სახით. ლეგენდის თანახმად, დიონისეს მიერ მოწყობილ ნადიმზე სილენოსი ძალიან გამოთვრა და სწორედ ეს მომენტი აღბეჭდა თავის ნამუშევარში დიდმა ნიდერლანდელმა ხელოვანმა. ბაროკოს სტილში შესრულებული ანტონ ვან დეიკის ტილოს – „მთვრალი სილენოსი”, დღესდღეობით, დრეზდენში განთავსებულ „ძველი ოსტატების გალერეაშია” დაცული. – (ავტორი გენია.ჯი)