რევაზ ჯაფარიძე – „ბატონი” და „ქალბატონი”
„ბატონი” და „ქალბატონი” – რამდენადაც მესმის, ამ ორ სიტყვას შორის არავითარი სხვაობა არ არის და საქმე არა ორ ფორმასთან, არამედ ერთადერთ ფორმა “ბატონთან” გვაქვს. მეორე სიტყვა „ქალბატონი”, რითაც ქალს მიმართავენ, ნაგვიანევი წარმოშობისაა, რუსული და სხვა ევროპული ენების გავლენით. რაკი ქართულ ენას გრამატიკული სქესი არ გააჩნია, ჩვენი წინაპრები იძულებული გახდნენ ფორმა „ბატონოს” პარალელური ფორმა „ქალბატონო” შეექმნათ ქალისადმი მისამართავად. „ქალბატონი” უკვე ორას წელიწადზე მეტია მკვიდრობს ქართულში და ჩვენს თაობებს მზამზარეულ, უკვე საყოველთაოდ გაზიარებულ ფორმად დაუხვდა. მანამდე, როგორც ისტორიული საბუთები, მხატვრული ლიტერატურა, ზეპირსიტყვიერება და სალაპარაკო პრაქტიკა გვარწმუნებს, ქალსაც და კაცსაც „ბატონობით” მიმართავდნენ და ამის გამო არავის არავითარი შეუსაბამობა არ მოსდიოდა.
ნურავინ გაიოცებს, თუ ვიტყვი, რომ სიტყვა „ბატონი” მარტო სოციალური შინაარსის გამომხატველი სიტყვა, ანდა მარტოოდენ თავაზიანი მიმართვის ფორმა როდია. იგი თავისი მოცულობით გაცილებით მეტია ერთზეც და მეორეზეც და ეს „მეტი” დაფიქსირებული არ გახლავთ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში. ლექსიკონს ასეთი რამ არც მოეთხოვება.
თავაზიანი მიმართვის ფორმა „ბატონი” ეროვნულ ტრადიციას, ქართველი კაცის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ხასიათს გამოხატავს და იგი, როგორც მიმართვის ფორმა, ძალზე ახლოს დგას ისეთ სიტყვებთან და გამოთქმებთან, როგორიცაა „გენაცვალე”, „შენი ჭირიმე”, „შენი ჭირის სანაცვლო ვიყო” და სხვა მისთანები.
უფრო შორს რომ არ წავსულიყავი და საქმე ზედმეტად არ გამერთულებინა, მე აქ სამაგალითოდ მიმართვის სამად სამი ფორმა მოვიყვანე, რომელთა შინაარსი არსებითად ერთი და იგივეა.
ამ ფორმებში ქართველი კაცი თავის თავს, თავის სიცოცხლეს, ყველაზე ძვირფასს, რაც გააჩნია, სთავაზობს არსთა გამრიგეს მოყვასის სიცოცხლის სანაცვლოდ. ის მზად არის, თუკი მსხვერპლის გაღება აუცილებელია და ეს მსხვერპლი ვიღაცამ აუცილებლად უნდა გაიღოს, ზვარაკად მიღებული იქნას მხოლოდ მისი სიცოცხლე მისი სულის სწორის კეთილდღეობისა და სიცოცხლის სანაცვლოდ.
მეორე შემთხვევაში ქართველი კაცი მზად არის იტვირთოს სხვათა ჭირი, ოღონდ ის „სხვა” ამ ჭირისაგან გათავისუფლდეს. მესამე შემთხვევაში კიდევ უფრო შორს მივდივართ: ქართველი კაცი (კაცში, რასაკვირველია, ქალიც იგულისხმება!) არა მარტო მზადაა სხვისი ჭირი იტვირთოს, არამედ, როგორც „გენაცვალეში”, მთლად ზვარაკად შეეწიროს სხვისი ტკივილის განკურნებას.
მე სრულებითაც არა მსურს, იმით, რასაც ქვემოთ ვიტყვი, ქართველი ხალხის, ქართველი ადამიანის განსაკუთრებულობა ვიქადაგო, მაგრამ არ შემიძლია თქვენი ყურადღება არ მივაპყრო ზემოთმოყვანილ მიმართვის ფორმებს, რომლებიც გაქვავებული სახით გვხვდება ჩვენს ენაში და, მშრალად რომ ვთქვათ, ეს ფორმები საგანთა გარკვეულ ურთიერთკავშირს და ურთიერთმიმართებას გამოხატავენ.
აი, ასეთია ისტორიულად ჩამოყალიბებული ქართული ხასიათი, ამით აიხსნება ჩვენი გადაჭარბებული სტუმართმოყვარეობა, თუნდაც დიდი შოთას გენიალური აფორიზმი, ანალოგი რომ არ მოეძებნება მსოფლიო ლიტერატურაში: „რასაცა გასცემ შენია, რაც არა – დაკარგულია”.
ეს ჩვენი კოდექსია, ყველა ქართველისათვის სავალდებულო პოსტულატია. ჩვენ ასე გვიცხოვრია და ვცხოვრობთ, სხვებმა სხვაგვარად იცხოვრეს და ცხოვრობენ.
რა დასკვნამდე მივედით? ქართველი კაცი, რომელსაც კრძალვა, თავმდაბლობა, მოყვასის საკეთილდღეოდ თავისი თავის მტლად მიტანა, უმაღლეს სულიერ არისტოკრატიად მიაჩნია, ყოველ დროსა და ყოველ ისტორიულ ვითარებაში ამ დაუწერელი კოდექსით ხელმძღვანელობდა. ეს იყო უპირველესი ნიშანი და დამღა მისი ქართველობისა!
სიტყვა „ბატონს”, როგორც მიმართვის ფორმას, საქართველოში არასოდეს არ ჰქონია კლასობრივი შინაარსი და წინდაუხედავი წამოძახილი, რაღა დროს ბატონია, ბატონ-ყმობა რახანია გადავარდაო, ჩვენს უცოდინარობას მოასწავებს”. – (ავტორი გენია.ჯი)