ჟან ლერონ დ’ალამბერი – „ეპიზოდი”
ოფიციალური ვერსია გვამცნობს, რომ ფრანგმა მწერალმა და კურტიზანმა ქალმა – კლოდინა ალექსანდრინა ჰერენ დე ტანსენსენმა, ავსტრიელი ჰერცოგის – ლეოპოლდ ფილიპ არენბერგისაგან 1717 წლის 16 ნოემბერს შეძენილი უკანონო ვაჟიშვილის თავიდან მოშორება განიზრახა, რის გამოც მან ჩვილი ხის მოზრდილ ყუთში ჩააწვინა და ამ უჩვეულო სახით იგი პარიზში განთავსებული სენ-ჟან-ლე-რონის ტაძრის კიბეებზე დატოვა. (ავტორი გენია.ჯი) არაოფიციალური, თუმცა-კი, ბევრად უფრო სანდო ვერსია ირწმუნება, რომ ჩვილის მამას არტილერიის ოფიცერი – ლუი-კამიუ დეტუში წარმოადგენდა, რომელმაც თავის მხრივ, მოგვიანებით იგრძნო-რა თავისი პასუხისმგებლობა შვილის წინაშე (ჩვილის დედისაგან განსხვავებით, რომელსაც არასოდეს მოუკითხია თავისი ვაჟი), გადაწყვიტა, რომ ყოველგვარი დახმარება აღმოეჩინა მისთვის. ტაძრის კიბეებზე დატოვებული ხის ყუთი ბავშვებმა აღმოაჩინეს. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მშობლების მიერ ბედის ანაბარად მიტოვებულ უმწეო ჩვილს ნათლობის სახელად სწორედ იმ ეკლესიის სახელი შეურჩიეს (ჟან ლერონი), რომლის კიბეებზეც მიატოვა მომავალი გენიოსი უსულგულო დედამ. რამდენიმე ხანში პატარა ჟან ლერონი აღსაზრდელად მინის მჭრელის ოსტატის – ალამბერ რუსოს ოჯახმა აიყვანა. მამობილი და დედობილი პატარა შვილობილს არაფერს აკლებდნენ, მათ შორის არც დედობრივ და მამობრივ სითბოს, რაც თავის მხრივ, არასოდეს დავიწყებია ლერონს. ამას მოწმობს ისიც, რომ, როდესაც იგი სახელოვან და ფინანსურად წელში გამართულ მათემატიკოსად იქცა, მატერიალური თვალსაზრისით სრულიად უზრუნველყო ისინი. ის კი არადა, დ’ალამბერი, რომელმაც თავისი გვარი სავარაუდოდ მისივე მამობილის სახელიდან აიღო, ამაყად უწოდებდა მათ – „მშობლებს”. ალამბერ რუსოს სახლში მისმა შვილობილმა სრული 50 წელიწადი იცხოვრა. მასზედ მზრუნველ ოჯახს სურდა, რომ ჟან ლერონს არჩევანი ექიმის, ან ადვოკატის პროფესიაზე შეეჩერებინა. მაგრამ გენიალურმა ფრანგმა მათემატიკოსმა - ჟან ლერონ დ’ალამბერმა (1717-1783 წლები) არჩევანი „ზუსტი მეცნიერების’ სასარგებლოდ გააკეთა და არც შემცდარა. თავდაპირველად, ფრანგი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი შემოსავლის სახით თვეში 100 ლივრს გამოიმუშავებდა. მოგვიანებით, დიდ მათემატიკოსს პატივი დასდო თვით პრუსიის ლეგენდად ქცეულმა მეფემ – ფრიდრიხ II-მ, რომელსაც ისტორიულად „ბებერი ფრიცის” სახელი შემორჩა. პრუსიელმა მონარქმა დ’ალამბერს პერსონალური პენსია დაუნიშნა. თუმცა, მოკრძალებულმა მათემატიკოსმა უარი თქვა რუსეთის დედოფლის – ეკატერინე II-ის მიერ შეთავაზებულ „ოქროს მთებზე”. ცნობილია, რომ რუსეთის იმპერიაში მოღვაწეობის სანაცვლოდ, ეკატერინემ ჟან ლერონს ხელფასის სახით ყოველთვიურად 100 000 ლივრი აღუთქვა. მაგრამ, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, დ’ალამბერმა არ მიიღო ეკატერინეს მაცდური წინადადება უფლისწულის სწავლა-განათლებასა და აღზრდაში მიეღო მონაწილეობა და რუსეთში გადახვეწილიყო. გარდა ამისა, მან ასევე უარი განაცხადა ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ფრიად საპატიო სავარძელზეც. მიუხედავად ამისა, ჟან ლერონ დ’ალამბერის სახელს ამით მაინც არაფერი დაკლებია. – (ავტორი გენია.ჯი)
კლოდინა ალექსანდრინა ჰერენ დე ტანსენი