ვლადიმერ ბეხტერევი – „ეპიზოდი”
გენიალურმა რუსმა ექიმმა-ფსიქიატრმა, ფსიქოლოგმა და რეფლექსოლოგიისა და პათოფსიქოლოგიის ფუძემდებელმა – ვლადიმერ ბეხტერევმა (1857-1927 წლები), რომელმაც 1907 წელს საფუძველი ჩაუყარა „სანკტ-პეტერბურგის ფსიქონერვოლოგიურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს”, მსოფლიოში პირველ კვლევით ცენტრს, სადაც ხდებოდა ადამიანის კომპლექსურად შესწავლა, 1926 წელს გამოაქვეყნა თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაშრომი, სახელწოდებით – „ზურგისა და თავის ტვინზე გამავალი გზები”. ზიგმუნდ ფროიდის სწავლებების კრიტიკოსმა სწავლულმა აღნიშნულ ნაწარმოებში დაწვრილებით და საგულდაგულოდ მიმოიხილა ზურგისა და თავის ტვინის ფუნქციები და მათი შესაძლებლობები, რამაც იგი დაცინვის ობიექტადაც კი აქცია. იმ ურწმუნოთა შორის, რომელთაც აგდებით შეხედეს ბეხტერევის მეცნიერულ დასკვნებს ტვინის შესახებ, იმყოფებოდა ცნობილი გერმანელი სწავლული კოპში, რომელსაც ბეხტერევის ნაშრომის გაცნობის შემდეგ ერთობ ირონიულად განუცხადებია – „როგორც ჩანს, ტვინის ჭეშმარიტი ანატომია მხოლოდ ორმა იცის – ბეხტერევმა და მამა ღმერთმაო”. – (ავტორი გენია.ჯი)