ჰაინრიხ ჰაინე – „ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური გერმანელი პოეტის, პუბლიცისტისა და კრიტიკოსის - ჰაინრიხ ჰაინეს (1797-1856 წლები) ბედი მშობლებმა 1816 წელს ჰამბურგში მცხოვრებ ბანკირ-მილიონერ ბიძას – სოლომონ ჰაინეს მიანდეს. (ავტორი გენია.ჯი) ჰაინეს პოეზიით გატაცებამ მშობლები საგონებელში ჩააგდო. „პოეტი – ეს არის ძონძებში გამოხვეული საცოდავი ღატაკი, რომელიც, რამდენიმე ტალერის გამო წერს ლექსებს. ბოლოს და ბოლოს, ასეთი ადამიანი სიცოცხლეს საავადმყოფოში, ყველასგან მიტოვებული ამთავრებს”. – ამ სიტყვით არაერთხელ მიმართა ჰაინრიხს მამამ – სამსონ ჰაინემ. მდიდარმა და გავლენიანმა სოლომონმა ძმისშვილს პატარა კომპანია, სახელწოდებით – „ჰაინრიხ ჰაინე და კო.” გაუხსნა. ლიტერატურის მოტრფიალე ახალგაზრდას თავისი საქმიანობა ზიზღს ჰგვრიდა, რის გამოც, მალევე, კომპანია, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა, დახურა. აღნიშნულმა ფაქტმა ბიძასა და ძმისშვილს შორის კონფლიქტი წარმოშვა. ჰაინეს საქციელი მისმა ახლო ნათესავებმაც დაგმეს. სანათესაოს საერთო გადაწყვეტილებით ჰაინრიხმა იურისპოდენციის შესწავლა დაიწყო. მან ისწავლა ცოდნის ისეთ გრანდიოზულ ტაძრებში, როგორებიცაა – ბონის, გიოტინგენისა და ბერლინის უნივერსიტეტები. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჰაინრიხსა და სოლომონს შორის კონფლიქტები გრძელდებოდა, თუმცა, როგორც წესი, ეს კონფლიქტები ყოველთვის მათი შერიგებით სრულდებოდა. მოგვიანებით, ბიძამ ჰაინრიხს დაუნიშნა ყოველწლიური სტიპენდია 6 000 ფრანკის ოდენობით, რომელსაც დიდი გერმანელი ლიტერატორი მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში იღებდა. მიუხედავად ამისა, ჰაინე მაინც უკმაყოფილო იყო სოლომონისა. მაშინ, როდესაც სოლომონი აღმერთებდა კომერციულ საქმიანობას, ჰაინრიხს საშინლად სძულდა იგი. ჰაინე ბიძაში ხედავდა ადამიანს, რომელსაც ფულის შოვნის გარდა სხვა ცხოვრებისეული ინტერესი არ გააჩნია.
მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, სოლომონ ჰაინემ სახელოვანი ძმისშვილი არც სიკვდილის ჟამს დაივიწყა და მას, თავისი მდიდარი მემკვიდრებიდან იმ პერიოდისათვის საკმაოდ სოლიდური თანხა – 16 000 ფრანკი უანდერძა. – (ავტორი გენია.ჯი)
სოლომონ ჰაინე