ზიგმუნდ ფროიდი – „ეპიზოდი”
ფსიქოანალიზის ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურ ავსტრიელ ფუძემდებლს – ზიგმუნდ სოლომონ ფროიდს (1856-1939 წლები) მისი თანამედროვეების დიდი ნაწილი იმ თაღლითად და ყალთაბანდად მიიჩნევდა, რომელიც საკუთარ თავს საზოგადოებას მედიცინის შესანიშნავ მცოდნედ აცნობდა. (ავტორი გენია.ჯი) ზიგმუნდის მრავალრიცხოვან კრიტიკოსთა შორის, რომლებიც „ფსიქოანალიზის მამად” წოდებულ ფროიდს თაღლითობასა და ყალთაბანდობაში სდებდნენ ბრალს, გამოჩენილი ინგლისელი ბიოლოგი – პიტერ მედავანიც იმყოფებოდა. ის კი არადა, მან ერთხელ საჯაროდ ისიც განაცხადა, რომ ავსტრიელი ფსიქოლოგის ნაშრომები ფსიქოანალიზის შესახებ, „ XX საუკუნის ყველაზე გრანდიოზულ ინტელექტუალურ თაღლითობას წარმოადგენდა”. ფროიდის კოლეგები, ვისაც კი მასთან ჰქონია პირადი ურთიერთობა, ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ავსტრიელი მედიკოსი ერთობ დაკომპლექსებული პიროვნება იყო. მაგალითად, მას საშინლად ეშინოდა მატარებლით მგზავრობა; ვერ იტანდა, როდესაც პაციენტი თვალებში უყურებდა, ან კიდევ, მის ტანისამოს ათვალიერებდა და ასე შემდეგ.
გამოჩენილმა რუსმა მეცნიერმა და მედიკოსმა – ალექსანდრე პოლეევმა ფროდს მისი თანამედროვეებისაგან განსხვავებით, „თავისი დროის ყველაზე ნორმალური ადამიანი” უწოდა და შენიშნა, რომ შრომისმოყვარე ზიგმუნდი სულითხორცამდე მკაცრი ავსტრიული დისციპლინის განსახიერება გახლდათ თავისი ცხოვრების წესით. „ფსიქოანალიზის მამად” წოდებული ფროიდი შესანიშნავად ერკვეოდა მუსიკაში და აღმერთებდა ლიტერატურას. ზიგმუნდის ეპოქაში არ არსებობდა სავარჯიშო დარბაზები და იმისათვის, რომ მუდმივად კარგ ფორმაში ყოფილიყო, მთელი პასუხისმგებლობით უდგებოდა რეგულარულ გასეირნებებს შორ დისტანციებზე. ცხოვრობდა როგორც ბურჟუა; განუზომლად უყვარდა ინტელექტუალური სამუშაო და კომფორტი; ზომიერად სვამდა კარგ ღვინოს და უზომოდ ეტანებოდა ნარკოტიკებს. – (ავტორი გენია.ჯი)