ნოსტრადამუსი – „ეპიზოდი”
XVI საუკუნეში ასტროლოგთა და წინასწარმეტყველთა მომსახურება ერთობ ძვირი სიამოვნება იყო. თვით ასტროლოგთა და წინასწარმეტყველთათვის კი, ფრიად საძნელო საქმედ მიიჩნეოდა ბაზარზე დამკვიდრება და წარმატების მიღწევა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა, სირთულეებს არ შეუშინდა „ნოსტრადამუსად” წოდებული ფრანგი ფარმაცევტი და ალქიმიკოსი - მიშელ დე ნოტრდამი (1503-1566 წლები), რომელმაც ლიონში 1555 წელს გამოცემული თავისი პირველი ალმანახით – „წინასწარმეტყველებანი”-თ სცადა ბაზარზე დამკვიდრება. ამბობენ, რომ მიშელის მიერ გამოცემული პირველი ალმანახის თითოეული ეგზემპლარი ერთი დაკონსერვებული მოთუშული ხორცის ფასი ღირდა და იგი ათიათასობით ტირაჟით გაიყიდაო. ამიტომ, დიდი მოგებაც ნახაო. ასეთი სწრაფი წარმატება მართლაც რომ წარმოუდგენელი რამ იყო იმ სფეროში, რომელმაც საბოლოოდ უკვდავყო კიდეც ნოსტრადამუსის სახელი. საინტერესოა, რა იყო უმთავრესი საფუძველი მიშელის ესოდენ დიდი და სრაფი წარმატებისა ბაზარზე შექმნილი დაუნდობელი კონკურენციის პირობებში?! რით მიიზიდა მან მრავალრიცხოვანი აუდიტორია? უპირველეს ყოვლისა, ნოტრდამის განცხადება იმის შესახებ, რომ მას მომავლის განჭვრეტა, არც მეტი და არც ნაკლები, – XXXVIII საუკუნემდე შეეძლო. ისტორიკოსები ირწმუნებიან, რომ ასეთი თავხედური განცხადება XVI საუკუნეში ნოსტრადამუსის გარდა არავის გაუკეთებიაო. გარდა ამისა, სახელგანთქმული ასტროლოგი, თავის ნაწინასწარმეტყველებებს ლექსების სახით აქვეყნებდა, რაც თავისებურ ეშხს სძენდა მიშელის ნაშრომებს. ამ მეთოდით გონებამახვილმა ფრანგმა ალქიმიკოსმა ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა ერთად: მან დაიპყრო არა მხოლოდ ასტროლოგიის მოყვარულთა, არამედ პოეზიის მოყვარულთა გულებიც. მისი სტრიქონები გაჯერებული იყო მაქსიმალურად ბუნდოვანი წინასწარმეტყველებებით, რაც კიდევ უფრო აინტრიგებდა ადამიანებს. სწორედ ამ გენიალური მიგნებებით შედგა ფეხი ნოსტრადამუსმა ასტროლოგიის უნაპირო ოკეანეში. იმ ოკეანეში, რომელმაც უკვდავებას აზიარა იგი. – (ავტორი გენია.ჯი)