დანტე ალიგიერის პირადი ცხოვრება…
პირმშვენიერი ბეატრიჩე პორტინარის დაქორწინების შემდეგღა გაათვითცნობიერა კარგად იტალიური სალიტერატურო ენის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, გენიალურმა იტალიელმა პოეტმა, მოაზროვნემ და ღვთისმეტყველმა – დანტე ალიგიერიმ (1265-1321 წლები), თუ რაოდენ განუზომლად ჰყვარებია იგი. (ავტორი გენია.ჯი) დანტეს გადმოცემით, მიუხედავად იმისა, რომ იგი თითქმის ყოველდღიურად უყურებდა თავის სატრფოს, სულ ორჯერ გამოლაპარაკებია ცხოვრებაში მას და ისიც რამდენიმე წუთით. ამბობენ იმასაც, რომ თავად ბეატრიჩემ არაფერი იცოდა ალიგიერის გრძნობების შესახებო. ის კი არადა, გოგონა ყმაწვილ თაყვანისმცემელს ამპარტავნადაც კი მიიჩნევდა, რადგან ალიგიერს თავი მასთან ურთიერთობისაგან ყოველთვის შორს ეჭირა. „ღვთებრივი კომედიის” ავტორი მდიდარი და გულუხვი ფლორენციელი მოქალაქის – ფოლკო პორტინარის უმშვენიერეს ქალიშვილს – ბეატრიჩეს პირველად 1274 წელს გამოელაპარაკა (ცნობისათვის, იმასაც ამბობენ, რომ ბეატრიჩე არ იყო ისეთი სილამაზის მქონე გოგონა, როგორადაც დანტეს ფანტაზია აღწერდაო). იმ დროს ბეატრიჩე სულ რაღაც 9 წლის ასაკში იმყოფებოდა. მეორედ კი, პირველი გამოლაპარაკებიდან 9 წლის გასვლის შემდეგ, 1283 წელს შეეხმიანა პოეტი „პირად მუზად” ქცეულ ქალს. თუმცა, იმ პერიოდში ბეატრიჩე უკვე დაქორწინებული გახლდათ. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ბეატრიჩე დანტეს საუკეთესო მეგობრის ღვიძლი და იყო. გენიალური პოეტის სათაყვანებელმა ქალმა არჩევანი მდიდარ თანამოქალაქეზე – სიმონ დე ბარდიზე შეაჩერა. რამდენად ბედნიერი იყო ბეატრიჩე ქორწინებაში, ჩვენთვის უცნობია, თუმცა რამდენადაც ცნობილია, წყვილს ქორწინებაში ერთი გოგონა შეეძინათ. 1290 წელს, დანტეს საუბედუროდ, ლეგენდების საბურველში გახვეული 24 წლის ბეატრიჩე გარდაიცვალა. ერთი ვერსიით, პორტინარის ულამაზესი ქალიშვილი მშობიარობას გადაჰყვა. სხვა ვერსიით კი, იგი იმ ეპოქის ფლორენციაში გავრცელებულ„ შავ ჭირს” ემსხვერპლა.
საყვარელი ადამიანის სიკვდილმა ალიგიერი უკიდურეს სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. რამდენიმე წყარო ირწმუნება, რომ პორტინარის სიკვდილმა პოეტს ცხოვრების ინტერესი დააკარგვინა. იგი არავითარ ყურადღებას აღარ აქცევდა თავის გარეგნობას, რის გამოც წვერის ტარებაც დაიწყო, რაც მისთვის ნამდვილად რომ არ იყო დამახასიათებელი. ბეატრიჩეს გარდაცვალებიდან ხუთი წლის გასვლის შემდგომ, ანუ, უკვე, როდესაც პოეტი დაქორწინებული იყო, გამოაქვეყნა კრებული, სახელწოდებით – „ახალი ცხოვრება”, რომელიც უდროოდ გარდაცვლილი სატრფოს ხსოვნას მიუძღვნა, და, რომელიც იტალიური ლიტერატურის შედევრად იქცა. (ავტორი გენია.ჯი) ამ უკვდავ ქმნილებაში დანტეს არც ერთი სიტყვით არა ჰყავს მოხსენიებული საკუთარი მეუღლე. ბეატრიჩე პორტინარის მიმართ თავისი „პლატონური სიყვარული” გენიალურ ფლორენციელს არასოდეს განელებია, და ეს მაშინ, როდესაც გოგონას გარდაცვალებიდან სულ მოკლე ხანში, მისმა მეუღლემ – სიმონ დე ბარდიმ კვლავაც იქორწინა მდიდარ თანამოქალაქე ქალზე.
არ გასულა დიდი ხანი… ალიგიერი იძულებული გახდა საქმიანი ქორწინების აქტი გაეფორმებინა ჯემა დონატისთან. თავის მხრივ, ჯემა დონატი წარმოადგენდა ფლორენციაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელის – მანეტო დონატის ქალიშვილს. საშინელებაა, თუმცა ფაქტია, რომ ჯემა ალიგიერისთან დაქორწინების ჟამს მხოლოდ და მხოლოდ – 12 წლის ასაკში იმყოფებოდა (ასეთი სახის ქორწინებები მაშინ ფლორენციაში ჩვეულებრივ მოვლენად განიხილებოდა). 1301 წლის მონაცემებით, ალიგიერსა და მის მეუღლეს თანაცხოვრებაში სამი შვილი შეეძინათ. ორი ვაჟი – პიეტრო და იაკოპო და ერთი ქალიშვილი – ანტონია. მიუხედავად ამისა, დანტეს ფიქრები მაინც ბეატრიჩეს ირგვლივ ტრიალებდა. (ავტორი გენია.ჯი) რამდენიმე ხანში ალიგიერი ფლორენციიდან განდევნილი იქნა, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე. საინტერესოა, რომ მშობლიური ქალაქიდან მის განდევნაში უდიდესი წვლილი დაიდო მისივე სიმამრის პოლიტიკურმა პარტიამ, რაც ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. დევნილობაში მეუღლეს არ გაჰყოლია ჯემა. იგი ბავშვებთან ერთად ფლორენციაში დარჩა, სადაც მამის მემკვიდრეობის შენარჩუნებით დაკავდა. რავენაში გადახვეწილი დიდი პოეტის გვერდით ხშირად ხედავდნენ მის შვილებს. თუმცა, არასოდეს უნახავთ ალიგიერის მეუღლე. ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, არც თავად მიუწვევია იგი ოდესმე რავენაში, რასაც „დეკამერონის” გენიალური იტალიელი ავტორი – ჯოვანი ბოკაჩოც ადასტურებს. შესაბამისად, დანტე ალიგიერმა ისე დასტოვა წუთისოფელი, რომ ფლორენციიდან განდევნის შემდეგ თვალით აღარ უნახავს თავისი მეუღლე. მეუღლე, რომელიც ბეატრიჩეზე უზომოდ შეყვარებულმა მცდარი პოლიტიკური გათვლის შედეგად შეირთო ცოლად. – (ავტორი გენია.ჯი)
ბეატრიჩე პორტინარი
დანტე თვალყურს ადევნებს ბეატრიჩეს