დიოგენე სინოპელი – ანტისთენე
ერთ წვიმიან დღეს, კინიკური სკოლის ფუძემდებლის, გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსის – ანტისთენეს (ძვ.წ.აღ-ით 444-360 წლები) ათენში განთავსებული ქოხის კარზე დაძონძილ საწვიმარ ლაბადაში გამოხვეულმა მკვრივი აგებულების მქონე მამაკაცმა ხელჯოხით დააკაკუნა. (ავტორი გენია.ჯი) კინიკური სკოლის მთავარ თეორიტიკოსთან სტუმრად მისულმა უცნობმა ანტისთენეს თავისი მისვლის მიზეზი განუმარტა. სტუმრის უკიდეგანო სურვილს წარმოადგენდა, რომ ანტისთენეს იგი თავის მოსწავლედ აეყვანა. სოკრატეს მოძღვრებების მიმდევარ ფილოსოფოსს კი მოსწავლეების აყვანა არ სურდა. ამბობენ, რომ სოკრატეს მოწაფეებს შორის ყველაზე დიდი სიმკაცრითა და დაურიდებელი თვისებებით ანტისთენე გამოირჩეოდაო, რაც თავის მხრივ, მან იმ დღევანდელ სტუმართან მიმართებაშიც გამოამჟღავნა, როდესაც მისი სახლიდან გაძევება თავისი ხელჯოხით გამოყენებით სცადა. სტუმრის ჯიუტმა თხოვნამ დიდი ფილოსოფოსი ისე გააღიზიანა, რომ მასზე დასარტყამად ხელჯოხიც კი შემართა. და ის იყო, უნდა დაერტყა კიდეც, როდესაც მისთვის მოულოდნელად, უცნობმა მეტად მრავლისმეტყველად შესძახა – „ – დამარტყი, ოღონდ მასწავლეო!” – ანტისთენე დანებდა…
ანტისთენეს იმდღევანდელ თამამ და ჯიუტ სტუმარს, თავისი ექსტრავაგანტული, ხშირ შემთხვევაში ამორალური საქციელითაც გამორჩეული – დიოგენე სინოპელი (ძვ.წ.აღ-ით 412-323 წლები) წარმოადგენდა. მიზეზი იმისა, რის გამოც იგი ასე დაჟინებით ცდილობდა ანტისთენეს მოწაფეობას, შემდეგში მდგომარეობდა: თავის დროზე, ტანაგრის ბრძოლის გმირი, უმამაცესი მეომარი – ანტისთენე, იმისათვის, რომ სოკრატეს ლექციებს დასწრებოდა, ყოველდღიურად 16 კილომეტრიან დამღლელ გზას გადიოდა. ეს კი მის ამტანობასა და შეუპოვრობას უსვამდა ხაზს, რაც ასე იზიდავდა „შეშლილ სოკრატედ” წოდებულ დიოგენე სინოპელს. გარდა ამისა, ანტისთენემ საკუთარ თავს აუცილებელ მოთხოვნილებათა მინიმუმით დაკმაყოფილება აიძულა. „სიტკბოებისკენ სწრაფვა – უკვე სიტკბოებააო”, – თქვა მან და იმისათვის, რომ კომფორტულ ცხოვრებაზე საბოლოოდ ეთქვა უარი, მონის მსგავს გარემოში დაიწყო ცხოვრება – შიმშილსა და სიცივეში.
აი, სწორედ ეს თვისებები და ამ თვისებების გამომუშავების შესწავლა იზიდავდა „მსოფლიო მოქალაქეს” ანტისთენეში. ამიტომაც გაჯიქდა იგი, როდესაც მის გაგდებას ცდილობდა ხელჯოხით სახლიდან მასპინძელი. ის მასპინძელი, რომლის საუკეთესო და ერთგულ მოწაფედაც იქცა საბოლოო ჯამში. (ავტორი გენია.ჯი)