ჯეკ ლონდონი – „ეპიზოდი”
გენიალური ამერიკელი მწერლის – ჯეკ გრიფიტ ჩეინის (1876-1916 წლები), იგივე – ჯეკ ლონდონის დედა – ფლორა უელმანი (1843-1922 წლები) არა მხოლოდ სპირიტიზმითა და ეზოთერიზმით იყო გატაცებული (ირწმუნებოდა, რომ სულიერად ერთ-ერთ ინდიელ ბელადთან იყო დაკავშირებული), არამედ ინტრიგებისა და ავანტურებისადმი მიდრეკილი ერთობ რისკიანი ქალიც იყო. (ავტორი გენია.ჯი) საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ნაპედაგოგარი დედის სწორედ ამ თვისებებს უნდა უმადლოდეს მწერალი ლიტერატურულ ასპარეზზე გასვლას, იქ დამკვიდრებასა და დიდ ფინანსურ შესაძლებლობებთან ერთად, დიდი სახელის მოხვეჭასაც. საქმე იმაშია, რომ „თავისუფალი ცხოვრების” მოყვარული ფლორა ხშირად ყვებოდა თავის ჯადოსნურ თავგადასავლების შესახებ ისტორიებს ახლობელთა წრეში, რასაც ბავშვობაში მისი ვაჟი დიდი გულისხმიერებით უსმენდა და დიდი გულისყურით აღიბეჭდავდა მეხსიერებაში. დედის მრავალფეროვანმა ისტორიებმა, რომლებიც დიდ გავლენას ახდენდნენ მსმენელებზე, ასახვა პატარა ჩეინის მიერ ჩუმად დაწერილ მოკლე თხზულებებში ჰპოვა. პირველად ფლორამ ამის შესახებ 1893 წელს შეიტყო და იმდენად მოეწონა თავისი ვაჟის ნაწერები, რომ მომავალ მწერალს სან-ფრანცისკოში გამომავალი ამერიკული გაზეთის – „Morning Call”-ის მიერ გამოცხადებულ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობა შესთავაზა. ლიტერატურული კონკურსის მიზანი იყო 22 წლამდე ასაკის მქონე დამწყები ლიტერატორების მიერ დაწერილ თხზულებათა შორის საუკეთესო გამოევლინა. ჯეკი დედის წინადადებას უყოყმანოდ დაეთანხმა. იმ დროს 8 კლასის განათლების მქონე ლონდონი 17 წლის ასაკში იმყოფებოდა. ამ „გაუნათლებელი” კონკურსანტის კონკურენტებად კი ისეთი სახელგანთქმული უნივერსიტეტების სტუდენტები იქცნენ, როგორებიც გახლავთ – სტენფორდისა და ბერკლის უნივერსიტეტები. კონკურსის ფარგლებში ავტორმა დაწერა ნარკვევი, სახელწოდებით – „ტაიფუნი იაპონიის სანაპიროებთან”, რომელმაც ყველა სხვა თხზულება დაჩრდილა. შესაბამისად, ლონდონმა ამერიკული გაზეთის მიერ გამართული ლიტერატურული კონკურსი მოიგო და ჯილდოდ 25 ამერიკული დოლარიც მიიღო. „ასე დაიბადა მწერალი ჯეკ ლონდონიო”, – წერდა მოგვიანებით მწერლის ბიოგრაფი – ჯეიმზ ლ. ჰეილი. – (ავტორი გენია.ჯი)
ფლორა უელმანი