ალექსანდერ ჰუმბოლდტი – „ეპიზოდი”
„ახალი მსოფლიო ბევრად უფრო დიდ ვალშია ამ გენილაური მეცნიერის წინაშე, ვიდრე ერთად აღებული ყველა კონკისკადორის წინაშეო”, – ასეთი სახის ჩანაწერი გვხვდება ვენესუელის ეროვნული გმირის – სიმონ ბოლივარის დღიურში „მეცხრამეტე საუკუნის არისტოტელედ” წოდებული დიდი გერმანელი ბუნებისმეტყველის, გეოგრაფისა და მოგზაურის – ბარონი ფრიდრიხ ვილჰელმ ჰენრიხ ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტის (1769-1859 წლები) შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) ამ უნივერსალმა-მეცნიერმა თავის სიცოცხლეშივე მიაღწია დიდების ისეთ ზენიტს, როგორსაც მოკვდავ ადამიანთა უმცირესი ნაწილი თუ აღწევს ხოლმე ცხოვრებაში. იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე ამბობდა – „ჰუმბოლდტი – ეს მთელი აკადემიააო”, რაშიც რთულია არ დაეთანხმო მას, რადგან ალექსანდერი მართლაც რომ ყოველმხრივ ერუდირებული სწავლული იყო. მექსიკაში მოგზაურობის ჟამს, ჰუმბოლდტმა უამრავი შეკითხვა დაუსვა ადგილობრივ გიდს, რამაც ამ უკანასკნელის გაღიზიანება გამოიწვია. და როდესაც გერმანელმა ბუნებისმეტყველმა კიდევ ერთი ერთი შეკითხვით მიმართა მას, გიდმა თავი ვერ შეიკავა და ჰუმბოლდტს მეტად უკმეხად ჰკითხა:
„ – ბატონო ჰუმბოლდტ! თქვენ ყველა დიდ სწავლულად მოგიხსენიებთ. ამის ფონზე კი, მიკვირს, თუ, რატომ სვამთ ასეთი რაოდენობის შეკითხვებს?
- ესოდენ ბევრ შეკითხვებს რომ ვსვამ, სწორედ იმიტომაც ვიცი ესოდენ ბევრი პასუხი”, – უპასუხა ფრიდრიხმა გიდს და კვლავაც ახალი შეკითხვით მიმართა მას.
გადიოდა წლები… შეუმჩნევლად, თუმცა-კი, სულმოუთქმელად მიიპარებოდა საუკუნეები… ერთ დროს მქუხარე ჰუმბოლდტის სახელი სხვა მრავალთა მსგავსად, დავიწყების მორევმა შთანთქა. მის სახელს მხოლოდ მაშინ თუ მოიხსენიებდნენ, როდესაც მისივე სახელობის ტბის, მყინვარის, ქედის ან სხვა გეოგრაფიული ობიექტის მიმართ გამოიჩენდა ვინმე ყურადღებას. დიდი გერმანელი ნატურალისტისა და ბუნებისმეტყველის ერთ-ერთმა ბიოგრაფმა აღნიშნული საკითხის შესახებ თავისი წუხილი მეტად მრავლისმეტყველი სიტყვით გამოხატა: „სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ალექსანდერ ჰუმბოლდტს რუკები უკეთესად იცნობენ, ვიდრე ადამიანებიო”. – (ავტორი გენია.ჯი)