ჯოაკინო როსინი – „ეპიზოდი”
ფენომენალური მახსოვრობის გასაოცარი უნარით თავის დროზე გამოირჩეოდნენ ისეთი სახელოვანი ადამიანები, როგორებიც იყვნენ – ნაპოლეონ ბონაპარტი, თეოდორ რუზველტი (რომელმაც ერთ-ერთ ნაცნობთან იმ შეწყვეტილ თემაზე განაგრძო საუბარი, რომელიც მათი 15 წლისწინანდელი უკანასკნელი შეხვედრის დროს რაღაც მიზეზის გამო შეწყდა), ფრენსის ბეკონი, ლეონარდ ეილერი, ბლეზ პასკალი, ასა გრეი (ზუსტად ახსოვდა 25 000 სახეობის მცენარის სახელწოდება), კონსტანტინე ციოლკოვსკი, ნიკოლოზ II და სხვები.
ამავე უნარით ასევე გამოირჩეოდა გენიალური იტალიელი კომპოზიტორი – ჯოაკინო ანტონიო როსინიც (1792-1868 წლები). თუმცა, სხვებისაგან განსხვავებით, ამ უნარით იგი არა მხოლოდ აოცებდა იმ ადამიანებს, რომლებმაც არაფერი უწყოდნენ როსინის ფენომენალური მეხსიერების შესახებ, არამედ, სპეციალურად, „ბოროტი ხუმრობის” სახით, ამასხარავებდა და შოკურ მდგომარეობამდეც კი მიჰყავდა ისინი. ერთხელ დიდმა ფრანგმა პოეტმა – ალფრედ დე მიუსემ პუბლიკას თავისი ახალი ლექსი პირველად და ერთადერთხელ წაუკითხა. ნიშანდობლივია, რომ ავტორის გარდა წინა დღით დაწერილი ის ლექსი მანამდე არავის ჰქონია თვალით ნანახი. როდესაც მიუსემ ლექსის კითხვა დაასრულა, მოულოდნელად ფეხზე ჯოაკინო როსინი წამოდგა – „ – ეს ლექსი მე ჯერ კიდევ ბავშვობაში მაქვს განაგონიო”, – თქვა და ზუსტად გაიმეორა ავტორის მიერ რამდენიმე წუთის წინ წანაკითხი პოეტური ქმნილება. ავტორმა სრული შოკი მიიღო, რადგან მის მიერ დაწერილი ლექსი ძალიან დიდი მოცულობისა იყო: იგი 60 სტროფისაგან შედგებოდა. შესაბამისად, მისი სიტყვასიტყვით დამახსოვრება ერთადერთი მოსმენით მიუსესათვის ფანტასტიკის სფეროს უფრო განეკუთვნებოდა, ვიდრე რეალობას. აკი მიიღო კიდეც სრული შოკი… – (ავტორი გენია.ჯი)