ვიაჩესლავ მოლოტოვი – „ეპიზოდი”
„მისტერ არად” წოდებულ – ვიაჩესლავ მოლოტოვს სტალინმა რამდენჯერმე მისცა რეკომენდაცია – ცოლს დაშორებოდა, რისგანაც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავი შორს დაიჭირა. (ავტორი გენია.ჯი) ეს ის პერიოდია, როდესაც რეიგანის მიერ „ბოროტების იმპერიად” წოდებულ საბჭოთა კავშირში საშინელი რეპრესიების ახალი ტალღა იწყებოდა. სტალინს მოლოტოვის ებრაული წარმომავლობის მქონე მეუღლე – პოლინა ჟემჩუჟინა ორი მიზეზის გამო აშფოთებდა: პირველი, იგი იყო ბელადის მეუღლის – ნადეჟდა ალულიევას უახლოესი მეგობარი. სტალინი ვარაუდობდა, რომ ცოლ-ქმარს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის ერთ-ერთ მიზეზს სწორედ რომ პოლინა წარმოადგენდა. მისი ვარაუდით, იგი ქმრის წინააღმდეგ აქეზებდა სვეტლანას. გარდა ამისა, გენსეკი ჟემჩუჟინას ნადეჟდას თვითმკვლელობამდე მიყვანაშიც სდებდა ბრალს; მეორე მიზეზი სტალინის შეშფოთებისა, მოლოტოვის ცოლის განსაკუთრებული გონიერება, ამბიციები და თვითმყოფადობისაკენ მისწრაფება იყო, რითიც გაიკეთა კიდეც ქრისაგან დამოუკიდებლად პოლინამ სამსახურეობრივი კარიერა.
1948 წელს პოლინა ჟემჩუჟინა ჯერ პარტიის რიგებიდან გარიცხეს, შემდეგ დააკავეს, სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და საბოლოოდ, 5 წლით გადაასახლეს ყაზახეთში არსებულ კოსტანაის ოლქში. ფრიად საყურადღებოა ის გარემოება, რომ ვიაჩესლავ მოლოტოვს, საბჭოთა კავშირში რანგით მეორე თუ არა, მესამე კაცს, მცირეოდენი პროტესტიც კი არ გამოუთქვამს მთელი იმ ხნის განმავლობაში საყვარელი მეუღლის გაუბედურების გამო. „მე პოლიტბიუროს წევრი ვარ, და ვალდებული ვარ, მკაცრად დავემორჩილო პარტიულ დისციპლინას. მე დავემორჩილე პოლიტბიუროს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ჩემი მეუღლე უნდა ჩამოეშორებინა”. – ასე გაამართლა თავისი ამაზრზენი ქმედება იმ პერიოდში „სტალინის ჩრდილად” წოდებულმა მოლოტოვმა. თუმცა, სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს, ვიაჩესლავმა თავის განსვენებულ მეუღლეს მეტად მრავლისმეტყველი სიტყვები მიუძღვნა: „უდიდესი პატივი მხვდა წილად, რომ პოლინას მეუღლეობა მარგუნა ბედმა. იგი ლამაზიც იყო, გონიერიც, და, რაც მთავარია – ნამდვილი ბოლშევიკი, ნამდვილი საბჭოთა ადამიანი. მისი ცხოვრება სათანადოდ ვერ აეწყო და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ პოლინა ჩემი ცოლი იყო. იგი ყველაზე რთულ დროს დაზარალდა საშინლად და მიუხედავად ამისა, არასოდეს უთქვამს აუგი სტალინის შესახებ, ისიც კი არ სურდა, მისი აუგი სხისი ბაგეებიდან მოესმინა”. – (ავტორი გენია.ჯი)