ერნსტ თეოდორ ჰოფმანი – „ეპიზოდი”
გენიალური გერმანელი რომანტიკოსი მწერლისა და ინტელექტუალის – ერნსტ თეოდორ ჰოფმანის (1776-1822 წლები) შესაშური ნიჭი მხოლოდ მწერლობით არ შემოისაზღვრებოდა, რასაც მის საფლავზე გაკეთებული ეპიტაფიაც მოწმობს: „ის ერთდრულად კარგი იყო, როგორც იურისტი, როგორც ლიტერატორი, როგორც მუსიკოსი, როგორც მხატვარი”. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, ამ უნივერსალი ერუდიტის ბიოგრაფიაში იყო პერიოდები, როდესაც იგი არავის დასჭირვებია არც იურისტად, არც ლიტერატორად, არც მუსიკოსად და არც მხატვრად. ყოველი მცდელობა, თავისი შემოქმედებით მოეპოვებინა ლუკმაპური, კრახით სრულდებოდა. სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს, უკიდურეს სიღატაკეში მაცხოვრებელს კიდევ ერთი (და უკვე მერამდენე) ტრაგედია დაატყდა თავს: ჰოფმანს დამბლა დაეცა. და მიუხედავად ამისა, საავადმყოფოს პალატაში მწოლსაც კი არ დაუკარგავს იუმორისა და მახვილსიტყვაობის გასაოცარი უნარი. ის კი არადა, ყველასგან მიტოვებულმა „მარტოხელა” გენიოსმა, მაშინ, როდესაც სასიკვდილოდ იყო უკვე გადადებული, თავისი ბოლო ნაწარმოების ეპილოგი სანიტარს ჩააწერინა კარნახით. ერნსტ თეოდორ ჰოფმანი სულ რაღაც 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწერლის ქვრივს მემკვიდრეობად ქმრისაგან დიდი ვალები დარჩა. ხეპრე და უგულო მევალეებმა სახელოვანი თანამემამულის ცხედარს გაცივებაც კი არ აცალეს, ისე ადრიანად გაუყიდეს, რაც კი რამ დარჩა ცხონებულს ამიერში. გარდა დიდი ვალებისა, ჰოფმანის მეუღლეს – მინა დიოფერს, ერნესტისაგან ასევე დარჩა 19 მუსიკალური ნაწარმოების ორიგინალი, რომლებიც მოგვიანებით პრუსიის მეფეს აჩუქა და მეუღლის უკვდავი ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებმაც სამარადჟამოდ დაიმკვიდესა ადგილი მსოფლიო ლიტერატურის ოქროს ფონდში. – (ავტორი გენია.ჯი)