„პატარა წმინდანები”
„გაბოროტებული კაცის ხმაჩახლეჩილი ჭრიალის მსგავსი ხმით გაიღო ბავშვთა სახლის ძველი ხის კარი. სამარისებული სიჩუმე… რკინის საწოლებზე ჩამომჯდარი „პატარა წმინდანების” ნაღვლიან სახეებზე ალალი მოლოდინის წარუშლელი კვალია აღბეჭდილი. ბავშვები ელიან – მშობლებს! ბავშვები გველიან – ჩვენ! სევდით აღსავსე მოლოდინი გრძელდება მარტში, აპრილში, მაისში… ყოველ წუთს… ყოველ წამს… ყოველ დღე და ყოველ ღამე… მათ დაობლებულ სულებს მზეც კი ვერ ათბობს. ისინი ფანჯრებიდან ხარბი, ცრემლებისაგან გადიდებული თვალებით უმზერენ ქუჩაში მიმავალ პატარებს, როცა მათ თანატოლებს მშობლები ეალერსებიან. „პატარა წმინდანების” პატარა გული გამალებით იწყებს ამ დროს ძგერას. ზოგიერთი მათგანი გასაგები მიზეზების გამო ფანჯარას დაღონებული შორდება, კვლავაც თავის რკინის საწოლს უბრუნდება და მონატრებული მშობლების განუზომელ ლოდინში ისევ მდუმარედ განაგრძობს ზღაპრული ილუზიების ტყვეობაში ცხოვრებას… „მშობლები საერთოდ არ უნდა არსებობდნენ. გიკვირს ხომ ამას რომ ვამბობ? აბა, მიდით, გაბედეთ და შეაღეთ ბავშვთა სახლის კარი. ჩახედეთ მათ თვალებში და თქვენ დაინახავთ – იმედგაცრუებას, დარდს, შეუცნობლობას მათი უკეთური მდგომარეობისა. გარდა ამისა, იხილავთ თვალებს, რომლებიც ალალად გეუბნებიან, რომ ერთადერთი სურვილია ჰქონდეთ ის, რაც გაქვთ თქვენ, ყველა ნორმალურ ადამიანს – ოჯახი და მისი სითბო. და რაც მთავარია, მათ თვალებში – ღმერთს დაინახავთ! ღმერთს, ერთადერთს, რომელმაც არ მიატოვა ისინი”. – ეს მრავლისმეტყველი სიტყვები კოჯრის ბავშვთა სახლში აღზრდილმა კარგმა ქართველმა კაცმა მითხრა თავის დროზე.
ამ დროს კი ადამიანი იმაზე მოთქვამს და წუხს საშინლად, რომ მომატებული პრემია არ მისცეს დანიშნულ დროს. მარტო გასუქებაზე არ არის საქმე, სიყრუეც შემოგვეპარა. შემოგვეპარა კი არა და, ისე დავყრუვდით, რომ აღარ გვესმის „პატარა წმინდანების” ღვთაებრივი გულების ძგერის სულის შემძვრელი ხმაც კი. როდესაც ერთ მეგობარს ამის გამო შევჩივლე, ასე მიპასუხა – „ჩვენ ახლა კი არა, ძალინ, ძალიან დიდი ხანია, რაც დავყრუვდითო”.
„პატარა წმინდანები” ელიან – მშობლებს! ისინი გველიან – ჩვენ! – სულშეძრული ვტოვებდი „ბავშთა თავშესაფარს”. მოულოდნელად, ჩემი ყურადღება იადონის გასაოცარმა გალობამ მიიპყრო. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ეს ულამაზესი ფრინველი ყველა დედის სახელით უგალობდა ღვთის ანაბარა დარჩენილ პატარებს.
გაბოროტებული კაცის ხმაჩახლეჩილი ჭრიალის მსგავსი ხმით დაიხურა ბავშვთა სახლის ძველი ხის კარი. კარის შიგნით კვლავაც სამარისებული სიჩუმე დავტოვე… ოთახში კი, რკინის საწოლებზე ჩამომჯდარი „პატარა წმინდანების” ნაღვლიან სახეებზე კვლავაც განუზომელი მოლოდინის წარუშლელი კვალია აღბეჭდილი”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ყველა მიუსაფარ ბავშვს, ყველა ობოლ პატარას, ბავშვთა სახლებში მობინადრე ჩვენი ერის საუკეთესო შვილებს, – „გენია.ჯი” სულითა და გულით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ყველაფერი კარგად იქნება. ღვთის იმედი, მისი რწმენა არ დაკარგოთ და გახსოვდეთ, რომ უფალს თქვენს თვალებსა და გულებში აქვს ბინა დადებული.